პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცდილობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს და საჯარო, ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ამისთვის აკეთებენ ყველა უკანონობას, სასამართლო იქცა სუს-ის ფილიალად. საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში არ წაუღიათ საქმე, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. პროცესი ხვალ ჩანიშნეს და ეცდებიან მიზეზად კვლავ მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს. მათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების და არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მოყვანას. სულ მიხეილ სააკაშვილი, რომ ყოფილიყო უაღრესად ჯანმრთელი, ამ პერიოდის მანძილზე მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენდნენ სასამართლოში. ხელისუფლების დისკურსი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. პროცესზე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სამსახური და სასამართლოდ წოდებული სუს-ის ფილიალი არ წარმოადგენს. ამ დაწესებულებაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება დგას სერიოზული საფრთხის წინაშე", - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
Print