პოლიტიკა
ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი ციხეშია-ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება ციხეში. არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ საქმეზე ლაპარაკს და არა მხოლოდ ლაპარაკს, არამედ საქმის კეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმათიანეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

"თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, თიანეთის მერი გახდება. მოგეხსენებათ, აქ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს. ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს. მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და "ნაციონალების" წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორ არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ ნაყოფიერ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო. მოგეხსენებათ, 4 წლის წინ დამსახურებულად გაიმარჯვა მაშინ თამაზ მეჭიაურმა და ეს იყო არასტაბილურობის 4 წელი. არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში ბევრი სირთულე იყო, საბოლოოდ, ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახა. 10-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, მაგრამ ვინაიდან, მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი და კერა. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურს. ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიცის წარმომადგენლები, ისინი ვერც ერთ ქალაქში ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით და გამოკითხვებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების",- განაცხადა ღარიბაშვილმა.


Print