პოლიტიკა
"ჯალათი ციხეში" - სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ
„ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.

აქციის ორგანიზატორები ის ადამიანები არიან, ვინც სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი საკუთარ თავზე გამოსცადეს. ზაზა დავითაია, ია მეტრეველი (ბუტა რობაქიძის დედა), თორნიკე მოლაშვილი (სულხან მოლაშვილის ძმა), ტრისტან წითელაშვილი და სხვა ადამიანები.

თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მოთხოვნაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ტერორიზმი და ფაშიზმია აკრძალული“.

აქციის დაწყებამდე თორნიკე მოლაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ აქცია „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით იმართება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილთა შორის არიან რუსთავის მერიის თანამშრომლები, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ დაპატიმრებულია. 14 ოქტომბერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ისინი სააკშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 7 ოქტომბერს შექმნილ ონლაინპეტიციაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ხელი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ემხრობიან, მათ შორის - მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

15 ოქტომბერს ხელმოსაწერად გამოქვეყნდა სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა ელექტრონული პეტიციაც. 16 ოქტომბრის 14:00 საათისთვის პეტიციას 3087 ხელმომწერი ჰყავს.


Print