პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ
აუცილებელია ქვეყანაში დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთმანეთთან დიალოგს გააგრძელებენ:

"დღეს, ისე, როგორც არასდროს, მთავარი სიტყვებია დეესკალაცია, მოლაპარაკებებთან დაბრუნება, არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თქვენ მოისმინეთ ბევრი გამოძახილი როგორც ევროპელი, ისე სხვა ქვეყნების მეგობრებისა და პარტნიორებისგან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე, ამ საღამოს, ვმასპინძლობ სტუმრებს. ჩვენ სხვადასხვა მხარეს ველაპარაკებით. ჩემი, როგორც ამ პროცესში ფასილიტატორის ძალისხმევით, იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები გაგრძელდება". - თქვა კარლ ჰარცელმა.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე დიპლომატიური კორპუსი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

Print