პოლიტიკა
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის განაწესებთან კონფლიქტში მოდის. პროკურორი განმარტავდა, რომ ბრალდებულმა შეგნებულად, წინასწარ განზრახულად არ შეასრულა გირაოს პირობები და არ გადაიხადა თანხა, რაც სათანადო ქცევასთან კონფლიქტში მოდის. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ნიკა მელია საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო და ამასთან, მის მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო.

Print