ახალი ამბები
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ შეუწყვიტა
პარლამენტმა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტმა თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე უყარა კენჭი და არცერთი მათგანის განცხადება არ დააკმაყოფილა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით აამოქმედა საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟის პრევენციული მექანიზმი, ამავდროულად, ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შანსს აძლევს.

კენჭისყრაში „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ მონაწილეობდნენ. რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებმა თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდუალურად განიხილეს.

მანამდე „გირჩმა“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.
Print