პოლიტიკა
ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა გვაქვს და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა - სტოლტენბერგი
საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევებისა, საქართველო აგრძელებს პარტნიორობის გაძლიერების მიზნით მუშაობას. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენი აქ ყოფნა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ ახდენს. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა გვაქვს და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პანდემიასთან, ნატო და საქართველო აგრძელებენ პარტნიორობის გაძლიერებას. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს მიღწევებს და შევაფასებთ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში. გასულ წელს ჩვენ გავაფართოვეთ ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები და საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ, ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია შავი ზღის რეგიონში და რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო ძალის გაძლიერება. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკა და გაიყვანოს იქიდან თავისი სამხედრო ძალები.
ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ მისი ქმედებები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


Print