პოლიტიკა
თუ პარტია პარლამენტში მანდატების ნახევარს არ აითვისებს . ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.
შესაბამისად, პარტიებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვათ, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;
3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;
4. „პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი;
5. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი;
6. „ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;
7. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;
8. „კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;
9. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი;
10. „ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;
11. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;
12. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი


Print