პოლიტიკა
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს 7 დეკემბერს გაიმართება - მმართველი გუნდი ოპონენტების 4-პუნქტიანი მოთხოვნიდან 3-ზე სავარაუდოდ, უარს ამბობს
"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, 7 დეკემბერს გაიმართება. ფასილიტატორების ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის აუდიენცია 11:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა სპექტრმა მათ მიერ შეთავაზებულ 4-პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდის საპასუხო წერილი უკვე მიიღო და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ მასზე იმსჯელა.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის 4 შეთავაზებიდან 3-ზე სავარაუდოდ, უარს ამბობს. კერძოდ, მმართველი გუნდი სავარაუდოდ, არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რადგან კონკრეტული პირების საქმეებს წმინდა სამართლებრივად მიიჩნევს და პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს.
გარდა ამისა, "ქართული ოცნებისთვის" წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მათ შორის საკითხზე პლებისციტის ჩატარებაც. იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების რაიმე ფორმით კითხვის ქვეშ დაყენებას და რომ ამ კუთხით პარტიის პოზიცია კვლავ შეუვალი და მტკიცეა, ერთ-ერთი ბოლო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი მათი მხრიდან არ განიხილება.

მმართველი გუნდი შესაძლებლად მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას მიიჩნევს და საკითხზე დისკუსიის გახსნის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა სავარაუდოდ, ემიჯნება ოპოზიციის მოთხოვნას ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე. "ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე არაპოლიტიკური პირია, არაპოლიტიკური პირის თანამდებობა კი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას, ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, მედიის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ამ ნაწილში დათმობისთვის მზად არის.

Print