პოლიტიკა
ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისთვის ახალი სტატუსი უნდა შეიქმნას - ალექსანდრ ვერშბოუ
"ნატოს" გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუ, ამბობს, რომ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისთვის ახალი სტატუსი უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს,

"თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

ალექსანდრ ვერბშოუ საქართველოს, უკრაინისა და ბელარუსის მიმართ დახმარების გაზრდაზეც საუბრობს.

"პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები. მაგრამ, ამ ყველაფრის თქმისას, ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში", - თქვა მან.

ალექსანდრ ვერშბოუ ამერიკელი დიპლომატი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილეა.

2001-2005 წლებში, ვერბშოუ რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო.


Print