პოლიტიკა
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადი ურყევია - მაიკ პომპეო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.
პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.
საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახლემწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერზე წერს, რომ მოხარულია იმ შეხვედრით, რომელიც პრეზიდენტთან გამართა და ის, თავის ტვიტში ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან კოოპერაცია უმნიშვნელოვანესია.
"კარგი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა. აშშ-ის კოოპერაცია საქართველოსთან უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადი, რუსეთის ოკუპაციის პირისპირ, ურყევია." - წერს მაიკ პომპეო.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, პომპეოს ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ აშშ ჩვენს გვერდით დგას.
"ეს შეხვედრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს, როცა რეგიონში დღეს ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში მას მერე, რაც იმყოფებოდა საფრანგეთში და ისრაელამდე და ეს ქვეყნები არიან ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და ევროპაში ძალიან სერიოზული მოკავშირე, ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მას მადლობა გადავუხადე.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.

Print