პოლიტიკა
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, გახელაძის საკითხთან ერთად სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებების სხვა საკითხებსაც.

"მოგეხსენებათ, ბოლო ინცინდენტის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთა განცხადება, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოყვა მტკიცე მხარდაჭერა სხვადასხვა დონეზე. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტისას პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხების განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე. დღეს იქნება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე დაკავებების საკითხის განხილვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა დარსალიამ, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, ოკუპანტებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.



Print