პოლიტიკა
დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს
პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.

საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩენო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. გარდა ამისა, აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის გატარებულ ცვლილებებს, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ.

პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოებს, სამსახურებივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწამეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. ამასთან, საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს და მას განკარგულებით ნიშნავს ცესკო. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი.
კანონპროექტით, ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ამასთან, საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. უფრო კონკრეტულად, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრია, მას არჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება. კანონპროექტის თანახმად, ოჯახის წევრად მიჩნეულია: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. ასევე, დაუშვებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.


Print