პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
'
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო.

რეზოლუცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებთა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების შემოღებით.


საგულისხმოა, რომ COVID-19 პანდემიის გამო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა. შესაბამისად, საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეზოლუციების განხილვა 20 მარტის ნაცვლად 22 ივნისს შედგა.



გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა



Print