პოლიტიკა
ხვალ ბორჯომის საკრებულო „საგანგებო ბიუჯეტს“ დაამტკიცებს
ხვალ, 24 აპრილს, ბორჯომის საკრებულოს გეგმიური სხდომა იმართება. სხდომა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი, ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ამბობს, რომ სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს მანქანით მიიყვანენ და ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

„დეპუტატები რა თქმა უნდა იქნებიან ნიღბებით, ფარებით და ყველა დამცავი საშუალებით აღჭურვილი. თუ საჭირო გახდა ბახილებს და ხალათებსაც ჩავიცვამთ“ - ამბობს ოთარ არბოლიშვილი

წარმომადგენლობითი ორგანო ხვალ ორ მთავარ საკითხზე იმსჯელებს.

„ხვალ უნდა დავამტკიცოთ „საგანგებო ბიუჯეტი“. ბიუჯეტში მოხდება ცვლილება და იმ კულტურული ღონისძიებების ხარჯზე, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტში ვეღარ ჩატარდება, თანხები გადავა „საგანგებო ბიუჯეტში“.

ამ მუხლში იქნება ჩაშლილი ის საჭიროებები, რაც შეიძლება დაგვჭირდეს პანდემიის პირობებში. მაგალითად უნდა მოხდეს გამარტივებული შესყიდვები პირბადეების, სადეზინფექციო საშუალებების. საჭიროების შემთხვევაში ცხელების ცენტრის უზრუნველყოფა.“


ხვალიდან მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის შტატიანი თანამშრომლები აღარ იქნებიან და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება. ოთარ არბოლიშვილი განმარტავს, რომ ეს კანონის მოთხოვნაა და შესაბამისად უნდა იყოს ასახული მუნიციპალიტეტის დებულებაში.


Print