ახალი ამბები
"ჩემს ბიზნესს გავაგრძელებ" - ტაძრისში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა
ტაძრისის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. თამაზ ჩუტკერაშვილმა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დაკავებული პოზიციის დატოვების თაობაზე მან განცხადებით მერიას მიმართა , მიზეზად კი ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. ჩუტკერაშვილის თქმით, თანამდებობის დატოვებას აქამდეც აპირებდა, თუმცა სოფელში არსებული საქმეების გამო, წასვლა მანამდე ვერ მოახერხა. ახლა კი აპირებს საოჯახო ბიზნესით დაკავებას.

თამაზ ჩუტკერაშვილმა ჩვენთან საუბრისას ისიც დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სატყეო სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული საშეშე მერქნის დამზადებაზე. ტენდერში გამარჯვების შედეგად კი ჩუტკერაშვილი ირწმუნება რომ ადგილობრივებს ასაქმებდა. მისი თქმით, ეს საქმიანობა ხელს არაფერში უშლიდა. ამ თემაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში წერილობით გვიპასუხეს.
Print