რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას
რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე. მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.

რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს და საჰაერო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი (11 წლის), დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

ცნობილია, რომ 1-ელი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხა თავს. რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.


Print