უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა ითხოვს
სტამბოლში „დოლმაბაჰჩეს“ სასახლეში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრამ მოლაპარაკებების პროცესი ახალ ფაზაში გადაიყვანა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ მედინსკის ცნობით უკრაინამ მათ წარუდგინა წერილობითი წინადადებები, რითაც ადასტურებს სწრაფვას ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსისკენ. ეს წინადადებები ახლა პუტინს უნდა გააცნონ.

უკრაინის მიერ შეთავაზებული წინადადებები, უსაფრთხოების საკმაოდ ქმედით გარანტიებს მოიცავს. კიევს ომის დასრულება წარმოუდგენია მხოლოდ ხელშეკრულებით, სადაც ყველა გარანტორი ქვეყანა დაადასტურებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინის უსაფრთხოებაზე.

უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს, შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს.

გუშინ დელეგაციამ მოსკოვიდან, დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩინა ის ფაქტი, რომ კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსეთმა სამხედრო ძალის გაყვანა დაიწყო. პარალელურად, მოსკოვში სამხედრო ძალის გაყვანა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ იმით ახსნა, რომ რუსეთმა თავის მიზანს უკვე მიაღწია და ახლა „დონბასის გათავისუფლებაზე“ უნდა კონცენტრირდეს.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print