უკრაინას ყოველდღიურად ტოვებდა 75 000 ბავშვი - UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონმა უკრაინელმა ბავშვმა. 24 თებერვლიდან, უკრაინას ყოველდღიურად ტოვებდა 75 000 ბავშვი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ჯეიმს ელდერმა განსაკუთრებით შოკისმომგვრელი უწოდა იმ ფაქტს, რომ წუთში ერთხელ საკუთარ ქვეყანას ტოვებდა 55 ბავშვი, ანუ თითქმის ყოველ წამში ერთხელ ლტოლვილი ხდებოდა ერთი ბავშვი.

UNICEF-ის თანახმად, ომმა უკრაინაში უკვე ათეულობით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულია 90 და დაჭრილია 100-ზე მეტი ბავშვი.

გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დაახლოებით 20 დღეში, უკრაინიდან ლტოლვილთა საერთო რიცხვმა თითქმის 3 მილიონს მიაღწია. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, ლტოლვილთა დღევანდელი კრიზისი მასშტაბის და სისწრაფის მხრივ უპრეცედენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს.
Print