"საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“ - ACT-ის კვლევა
ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის". ამასთან, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება. ქვეყნის მოსახლეობის 72% კი მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“.





გამოკითხულების ნახევარი (51%) რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის ნებისმიერ შემთხვევაში. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში“. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქვეყანას ტანკებით მოადგეს.




და მაინც, ვინ არის რუსეთი?



მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 84% პირდაპირ ამბობს, რომ „რუსეთი მტერია“. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება.




საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (91%) არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია.





როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში?



კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).


3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).


10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას - 1%-ს.






ACT კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა. აღნიშნული კვლევა 4-6 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 809 ადამიანი. შერჩევის ცდომილებამ 2,4% შეადგინა.
Print