ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად.

„მე კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავს, მაგრამ პირადად თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც თქვენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა.

იანუკოვიჩის განცხადებით, ასეთი ნაბიჯისთვის უკრაინელი ხალხი და კიევის პარტნიორები დასავლეთში მადლიერი იქნებიან.

„მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტმა ან თუნდაც ცოტა მამობრივად. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი! მაგრამ გმირობა არ არის თავის გამოსაჩენი აქტი, ეს არ არის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ის საკუთარ თავშია - ის არის თავგანწირვაში, საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
Print