უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ცოტა, 64 სამოქალაქო პირია მოკლული - გაერო
უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ სამ დღეში დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაერო. ორგანიზაციის მონაცემებით, 24-26 თებერვალს ბრძოლებისას მოკლულია ყველაზე ცოტა, 64 ადამიანი, საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა მინიმუმ 240 ადამიანი.

მონაცემები ასახავს 26 თებერვლის საღამოს 5 საათის მდგომარეობას.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქურა, რამაც მოსახლეობის ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. დაზიანდა ან განადგურდა ასობით სახლი, დაბომბვის შედეგად დაზიანებულმა გზებმა და ხიდებმა კი ზოგიერთი დასახლების იზოლირება გამოიწვია.

გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 160 000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი, 116 000-მა კი თავშესაფრის სათხოვნელად მეზობელ ევროპულ ქვეყნებს მიმართა. არსებობს მოლოდინი, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, უკრაინიდან დევნილთა რიცხვი 5 მილიონს მიაღწევს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობებით 4 300-მდე გაიზარდა ომში მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვი. განადგურებულია რუსეთის 146 ტანკი, 27 თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი.

წყარო: www.radiotavisupleba.ge


Print