რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო იერიში კიევზე განახორციელა
რუსეთმა, გასული ღამის განმავლობაში, რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინის დედაქალაქ კიევზე.

ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი რაკეტის ფრაგმენტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ კიევში ჩამოაგდო რუსეთის საფრენი აპარატი.

24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. უკრაინაზე თავდასხმის გამო დასავლეთის სახელმწიფოებმა დაიწყეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება.
Print