„მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ"- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, შექმნან ანტიპუტინის კოალიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. საჰაერო სივრცის დახურვა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“, - წერს ზელენსკი.
ტელეკომპანია CNN უკრაინის შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო იერიშების შედეგად ასეულობით დაზარალებულია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაღუპულები.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".


წყარო  :https://www.interpressnews.ge/
Print