ინტერაქტიული მულტიმედია
„რუსეთში ამბობენ, ასი გრამი დალიეთ და არაფერი არ გინდათო“ - ინტერვიუ ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან

„ხალხი, ემიგრანტები,  თუ ვინმე აპირებს დაბრუნებას საქართველოში, ნუ დაელოდებითან მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას, წამოვიდნენ  სამშობლოში“ - ამბობს ტელეკომპანია

„ბორჯომთან“ საუბრისას 46 წლის კაცი, რომელიც ბაკურიანის ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში იმყოფება.

 

„მე მოსკოვში ვცხოვრობ მთელი ცხოვრება,  მაგრამ წამოვედი ჩემს ქვეყანაში, რადგან ვიცი აქ უკეთესი პირობებია. ბევრად უფრო დაცულია ყველა. მსოფლიოში არ არის დღეს ისეთი პირობები, საქართველოში რომ არის. ახლა ბაკურიანში ისეთ სასტუმროში ვართ და ისეთი კარგი პირობები გვაქვს მრცხვენია კიდეც. ბევრი იყო ჩემს გარშემო მოსკოვში ისეთი,  ვინც იძახდა, არ წამოვალ საქართველოში ახლა კიდე იქ ჩასვლა და „დამწყვრევა“ არ გვინდაო. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება“

ახალგაზრდა კაცი მოსკოვიდან საქართველოში 3 დღის წინ გამოფრინდა, ახლა ბაკურიანში იმყოფება და საკარანტინე სივრცეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ  დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დატოვებს.

„მოსკოვშიც თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, პატარა ბავშვი მყავს  საქართველოში და ვერ შევუქმნიდი საფრთხეს. შემდეგ წამოვედით და ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან პირდაპირ გადმოგვიყვანეს კარანტინში, ბაკურიანში. ასე სჯობს ყველა შემოსულისთვის, თავი რომ დავიზღვიოთ.“

მოსკოვიდან წამოსვლამდე,  მის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე გვიყვება.  ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ამბობს, რომ იქ მდგომარეობა გაცილებით რთულადაა.

„როგორც რუსეთი აცხადებს, თითქოს ყველაზე კარგი სიტუაცია აქვთ მაგათ, მაგრამ  დღეში 10-12 რეისი ჩინეთიდან შემოდიოდა თვითმფრინავი,  ყველას უშვებდნენ სახლში, მე იქ ნაცნობები ბევრი მყავს და არავინ არ წაუყვანიათ , არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში, უბრალოდ აეროპორტში სიცხეს უსინჯავდნენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეიძლება ვირუსი გქონდეს და ტემპერატურა პირველ ეტაპზე სულაც არ დაგიფიქსირდეს. ცოტა ხანში იქ რა მოხდება კაცმა არ იცის. ამბობენ თითქოს ჩვენთან ყველაფერი კარგადაა,  ასი გრამი დალიეთ და არაფერი არ გინდათო, მაგრამ ეს არის ყველაფერი ტყუილი. რუსეთი როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს ჩაკეტილი ისე არის დღესაც.“

ახალგაზრდა კაცი კარანტინში ყოფნის 3 დღიანი გამოცდილებით,  სირთულეებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ყველაზე რთული მარტოობაა, როდესაც ხმის გამცემი არ გყავს.

„ჩემთან ერთად კარანტინში მყოფ სხვა ადამიანებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მხოლოდ აივნებიდან ვხედავთ ერთმანეთს და ხანდახან ასე, შორიდან ვსაუბრობთ. პერსონალთანაც არანაირი  შეხება არ გვაქვს. საკვებს კარებთან გვიწყობენ და რომ გადიან ამის შემდეგ გავდივართ ჩვენ და ვიღებთ ჩვენს კუთვნილ საკვებს.“

46 წლის კაცი ამბობს, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობს და ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს.

Print