ინტერაქტიული მულტიმედია
პაციენტების „ღმერთი“
სოფელ ტაბაწყურში, რომელიც ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფელია, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ჯანდაცვის პრობლემა აქვთ, ითხოვენ ექიმს, რომელიც მუდმივად იმუშავებს ან ხშირად ივლის სოფელში.  ამბობენ, რომ ამბულატორია დაკეტილია და სამედიცინო დახმარების მისაღებად მიმართავენ სუსანა აკოფიანს, რომელიც სოფლის ექთანია და პაციენტებისთვის „ღმერთი“.



„სუსანა რომ არ იყოს, არ იქნება სოფლის ნახევარი მოსახლეობა, სასაფლაოზე ვიქნებით., ჩვენი ღმერთია. სოფლის ექიმი რავიცი გვყავს? მე არ მინახავს. ჩვენ მარტო სუსანა ვიცით. პუნქტი ააშენეს და ისევეა დატოვებული. სუსანასთან სახლში რატომ უნდა მოვდიოდე ნემსის თუ ანალიზის გასაკეთებლად, ხომ შეიძლება ამბულატორია მუშაობდეს?“ - ამბობს ტაბაწყურის მკვიდრი, რომელიც სუსანას ხშირი პაციენტია. 



სოფელში ამბულატორია რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა იქ მისულებს შენობა დაკეტილი დაგვხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამბულატორია თითქმის სულ დაკეტილია და სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ. ამბობენ იმასაც, რომ შენობა უფუნქციოა, რადგან ინვენტარითაც კი არ არის აღჭურვილი.



სუსანა აკოფიანის სახლი კი უკვე 20 წელია „რესპუბლიკურ საავადამყოფოდაა“ გადაქცეული. ექიმი, რომელიც სოფელში ექთნის დიპლომით 45 წელია მუშაობს, პაციენტებს სახლში იღებს და თითოეულმა მათგანმა უკვე ზეპირად იცის რომელია მისი „პალატა“. სუსანაც წუხს იმაზე, რომ სოფელში ამბულატორია არ ფუნქციონირებს. ამის გამო, მას საკუთარ საწოლში უწევს პაციენტისთვის ნემსის გაკეთება.



„როცა მოდის პაციენტი, ვაწვენ ჩემ ლოგინში რომ ნემსი გავუკეთო და რატომ უნდა იყოს ასე? შარშან იყო შემთხვევა, რომ ორი ორსული ქალიც ვამშობიარე ჩემ სახლში. ჭრილობა გინდა, ქირურგიული ნაკერები გინდა ყველაფერს ვაკეთებ. ქირურგიც ვარ, თერაპევტიც და ვეტერინარიც. ადამიანი რომ მოდის შენ სახლამდე, ე.ი. უჭირს, მე კი არ შემიძლია ვინმეს უარი ვუთხრა. ჩვენი სოფლის ექიმი ტყუილად არის გაფორმებული, ეს თვითონაც იცის. შარშან ზაფხულს იყო და წელს კიდევ, ერთი კვირის წინ, ხელფასს კი იღებს მშვენივრად, 12 წელია დანიშნულია ჩვენთან“ - გვიყვება სუსანა აკოფიანი. 



სოფლის ექიმის პრობლემა აქვთ მოლითშიც, რომელიც ტაბაწყურის მოსაზღვრე სოფელია. ამ მოსახლეობისთვისაც „ღმერთი“ სუსანა აკოფიანია. თუმცა, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ტაბაწყურში უწევთ გადასვლა, რისთვის მანქანა და საწვავია საჭირო, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. 

„სუსანას ხელში ვართ. სუსანა რომ არ იყოს, არაფერი გამოვა. 2 ნემსი რომ მქონდეს გასაკეთებელი, ტაბაწყურში გვიწევს წასვლა, არა და ფული არ გვაქვს, რომ საწვავი ჩავასხათ, მანქანა არ გვყავს და ფეხით კიდევ ვერ წავალთ“ - ამბობს შოთა მარგარიანი



„ამდენი ხალხია. დიდა თუ პატარა, ყველას სჭირდება ექიმი და ამისთვის მეზობელ სოფელში უნდა წავიდეთ. რისთვისაც საჭიროა მანქანის დაქირავება, რადგან საკუთარი არ გვყავს, უნდა ჩავსხათ ბენზინი. რა გახდა ერთი ექიმის დანიშვნა მოლითში?“ - წუხს მოლითის მკვიდრი არმიკ არუთუნიანი



ტაბაწყურისა და მოლითის სოფლების ექიმი ლილი სამსონიძეა, რომელიც ბორჯომიდან მიდის მაღალმთიან ზონაში. უარყოფს იმას, რომ სოფლებს იშვიათად სტუმრობს. ლილი ექიმი ამბობს, რომ მაღალმთიან ზონაში, ზაფხულში სავარაუდოდ ორ კვირაში ერთხელ, ზამთარში კი როცა გზა იკეტება, თვეში ერთხელ ახერხებს წასვლას. მისი თქმით, სოფლებში მუდმივად ვერ დარჩება და ვერ იმუშავებს. იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი კადრი გამოჩნდება, რომელიც სოფელს მუდმივად მოემსახურება, ამბობს, რომ პრობლემა არ ექნება. აქვე იმასაც ამატებს, რომ ამბულატორიაში ამჟამად არც ინვენტარია და არც შესაბამისი პირობები პაციენტების მისაღებად.



„ამბულატორიის გასაღები მაქვს მე და სოფლის გამგებელს. მინდა რომ ეს გასაღები სოფლის ექთანს, სუსანა აკოფიანს ჰქონდეს და ვაპირებ მიცემას, რადგან ის სოფელშია მუდმივად. შენობაში ინვენტარი არ არის. ელექტროენერგია შეყვანილია, თუმცა წყალი არ არის და შესაბამისად, ჰიგიენური ნორმებიც დაცვა ამ პირობებში შეუძლებელია. იქ ვერც პაციენტს მივიღებ, თუ რამე განსაკუთრებული სჭირდება და ვერც ღამეს გავათევ, დარჩენაც რომ მინდოდეს. ადგილობრივების ოჯახში ვრჩები და საკმაოდ ხშირად მივდივარ ხოლმე. ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ზონას იშვიათად ვსტუმრობ“ - ამბობს ლილი სამსონიძე

რაც შეეხება უფუნქციო ამბულატორიას. ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მიმდინარე წლს იგეგმება მისი სრული რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რომ ამბულატორიამ სრულყოფილად იმუშაოს და მოემსახუროს პაციენტებს.

შესაბამისად, სუსანა აკოფიანის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამჟამად „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფუნქციას ითავსებს, მომავალი წლიდან პაციენტებს აღარ მიიღებს. სამედიცინო მომსახურების მიღება პაციენტებს ახლადრეაბილიტირებულ და აღჭურვილ ამბულატორიაში შეეძლებათ. რაც შეეხება მედპერსონალს, ლილი სამსონიძე ივლის ბორჯომიდან ტაბაწყურამდე პერიოდულად თუ ისევ სუსანა აკოფიანი იქნება პაციენტების „ღმერთი“, ეს მომავლის საკითხია.


Print