ინტერაქტიული მულტიმედია
სოფლები ტრაქტორის გარეშე და დაგვიანებული ხვნა-თესვის სამუშაოები
სოფელ სადგერში, სტეფნაძეების ოჯახს, ყოველწლიურად, კარტოფილი, ლობიო, სიმინდი, ბოსტნეული, მწვანილეული მოჰყავს. დიდი მიწის ნაკვეთის, რომლის საერთო ფართობი 55 მეასედია, (5500კვ) დასამუშავებლად ტრაქტორი ესაჭიროებათ. ოლეგი სტეფნაძე ამბობს, რომ ტექნიკას კერძო პირისგან ქირაობენ და ხანდახან ლოდინიც უწევთ. ოჯახს, 30 მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნა 75 ლარი დაუჯდა. ოლეგი ამბობს, რომ პრობლემა, სამასალე მერქნის მოპოვებაზეც აქვთ, რისი საშუალებითაც მიწის ნაკვეთების შემოღობვას შეძლებდნენ და უფრო მეტს დათესავდნენ. 



„ლოდინი გვიწევს, რადგან ჩვენ რაიონს მეტი საშუალება არ აქვს. ხანდახან, როცა თავისუფალი ყოფილა ტრაქტორი, მეორე დღესვე მოსულა, თუმცა ხშირად სჭირდება რამდენიმე დღიანი ლოდინი. სადგერს, ტბას და ლიბანს რომ ჰყავდეს ერთი ტრაქტორი, უფრო იაფი დაგვიჯდებოდა და უფრო ადრეც მოვრჩებოდით სახნავ-სათესს, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე“ - ამბობს 64 წლის ოლეგი სტეფნაძე. 



იგივე პრობლემა აწუხებს ოლეგის მეზობელს - ნათელა ტაბატაძესაც. სადგერში მას 35 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს. მისი თქმით, ტრაქტორის რიგში ყოფნა ხალხს დიდხანს უწევს და სანამ მათი ჯერი მოდის, ნათესები უკვე ამოსულია. ნათელა ამბობს, რომ ბოლო 15 წელია სოფელს საკუთარი ტრაქტორი აღარ ჰყავს, მანამდე კი რომელსაც ამუშავებდნენ, მოძველდა და ჯართში ჩააბარეს.



„რიგში დგას ხალხი, ერთი ტრაქტორი მოვა, ფულს გადავუხდით და მოხნავს. ერთი მეასედის დამუშავება 7 ლარი ჯდება. ადრე ასე არ იყო, ნაციონალების დროს, მოდიოდა და უფასოდ ხნავდა ტრაქტორი. ეხლა ისეთი რიგებია, სანამ იქ მოხნავს და მოვა ჩვენამდე, ამოსულია უკვე ყველაფერი“ - ამბობს 72 წლის ნათელა ტაბატაძე.

სადგერში, მუდმივად მცხოვრები 105 ოჯახი ცხოვრობს. აქ მოსახლეობის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობაა. ტურისტული სოფელი მცირემიწიანია. ტრაქტორის პრობლემა აქ მცხოვრებლებს, თითქმის ყველას ერთნაირად აწუხებთ. პავლე გეგეშიძე ამბობს, რომ ადრე, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მიწას შეღავათიან ფასებში ამუშავებდნენ, ახლა ძვირი უჯდებათ და თან ტექნიკის მოსვლამდე, რიგში უწევთ დგომა.

„შემოდგომით მოვხანით, ახლა საგაზახულო სამუშაოები წესით უკვე უნდა დავიწყოთ, მაგრამ საკუთარი ტრაქტორი არ გვყავს, რომ გამოვიყენოთ. კერძო პირებს ჰყავთ და გვიწევს ხვეწნა, რომ სხვა სოფლებიდან ჩამოვიყვანოთ. სხვა გზა რომ არ გვაქვს, ზოგი ბარს და თოხს ვიყენებთ. არა და ტრაქტორი კარგად ამუშავებს მიწას და მოსავალიც უკეთესი მოდის ამ შემთხვევაში“ - ამბობს პავლე გეგეშიძე.



აღნიშნული პრობლემა არ აწუხებს მხოლოდ სადგერის მოსახლეობას. სოფელ დვირში, ლელა ჯავახიშვილს, 30 მეასედი მიწის ნაკვეთის დამუშავება 120 ლარი დაუჯდა. ამბობს, რომ ტრაქტორი სოფელში ოთხ ოჯახს ჰყავს და საჭიროების შემთხვევაში მათგან ქირაობენ. აქ რიგში დგომის და ლოდინის პრობლემა არ აქვთ, თუმცა ლელა ჯავახიშვილიც ფიქრობს, რომ სოფლის მოსახლეობას, საკუთარი ტექნიკა გაუადვილებს მიწაზე მუშაობას და მოსავლის აღებას.

„ადრე ვაუჩერებს ვიღებდით და ვსარგებლობდით ტრაქტორის მომსახურებითაც. ბოლო 3 წელია, ეს პროგრამა აღარ არსებობს და შესაბამისად, ოჯახებმა ვისაც საშუალება ჰქონდათ, თავად შეიძინეს ტექნიკა, ჩვენ კი ვქირაობთ როცა გვჭირდება. სოფელს რომ საკუთარი ტრაქტორი ჰყავდეს უკეთესი იქნება, უფრო იაფი დაგვიჯდება მიწების დამუშავება“ - ამბობს ლელა ჯავახიშვილი



ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 4 დაბა და 37 სოფელია. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საკუთარი ტრაქტორი მხოლოდ ახალდაბაში, ორ სოფელში კი სახელმწიფოს მიერ გადაცემული ტექნიკაა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობა და გლეხებისთვის ტექნიკის შეძენა, მათი კომპეტენცია არ არის, შესაბამისად ტრაქტორები მათ ბალანსზე არ არის. მათი განმარტებით, სახელმწიფომ რეგიონული ცენტრები შექმნა იმ მიზნით, რომ ფერმერებს ტექნიკის დაქირავების სერვისით ესარგებლათ. სწორედ ასეთი სერვის-ცენტრია ახალციხეში.




„მოგახსენებთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სამცხე-ჯავახეთშიც არსებობს „მექანიზაციის სერვის ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტებისათვის - შესაბამისად ბორჯომის სოფლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიღებას. ცენტრში მობილიზებულია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ტექნიკით, სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ შეასრულონ ყველა სახის აგროოპერაცია. რაც შეეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტრაქტორებს, ისინი განკუთვნილია და ემსახურებიან საგზაო, ასევე სტიქიისა და სხვა საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ სპეციალურ ტექნიკას ფლობენ სოფლებში ტაძრისში და ტაბაწყურში არსებული ამხანაგობები, რომლებსაც ტრაქტორები მიწების ხვნა-თესვისათვის სახელმწიფოს მიერ გადაეცა. დაბა ახალდაბაში კი სოფლის პროგრამით, გამოყოფილი თანხით თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოხდა ტრაქტორის შეძენა“ - ამბობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში

სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ახალციხის სერვის-ცენტრში ამჟამად 30-ზე მეტი ტრაქტორია მობილიზებული. სერვის-ცენტრის მენეჯერის კახაბერ ჩინჩალაძის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან მიმართვიანობა იშვიათია. აღნიშნული ტექნიკის დაქირავების სერვისით ძირითადად ახალციხელი და ზედა ზონის ფერმერები სარგებლობენ. ფასი, მიწის ფართობზე და შესასრულებელ საქმეზეა დამოკიდებული.




მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა კი, რომელსაც ასე მისტირიან ფერმერები, ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და 2016 წელს დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ იგივე პროგრამის გაგრძელება აღარ იგეგმება და ეს ინფორმაცია თავის დროზეც იყო გაჟღერებული. უწყებაში ამბობენ, რომ შემოიტანეს საგრანტო კომპონენტი. წელს 28 მარტიდან დაიწყო და ერთ კვირაში დასრულდა განაცხადების მიღება ტექნიკის შეძენაზე, რაშიც სახელმწიფო თანადაფინანსებას (50/50) გაუწევს ფერმერებს ტრაქტორის ყიდვის შემთხვევაში (არაუმეტეს 150 000 ლარით დააფინანსებს).



სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე 500-ზე მეტი განაცხადი შევიდა და ახლა მიმდინარეობს შერჩევა. დაფინანსდება ყველა ის ფერმერი, რომელსაც ყველა დოკუმენტაცია სწორად ექნება შევსებული და წარდგენილი. საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ამჟამად ფინანსთა სამინისტროდან ელოდებიან თანხების გამოყოფას, რომ დაწყონ მეორე ეტაპის განხორციელებაც. გიორგი ავალიანის განმარტებით, ნებისმიერ ფერმერს, რომელიც ფერმერთა რეესტრშია დარეგისტრირებული, (ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 15-01), არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალდებულებები და აქვს ის ნახევარი თანხა, რომელიც სჭირდება ტექნიკის შესაძენად, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში, გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულად და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

„არანაირი კომიტეტები და კომისიები არ იქნება თანადაფინანსების მოსაპოვებლად, მთავარია რომ ფერმერმა სწორად წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რისი ჩამონათვალიც ვებ-გვერდზე არსებობს. ტექნიკა რომელიც 2017 წელს იქნება გამოშვებული, მის შესაძენად სახელმწიფო ნახევარ თანხას გადაუხდის (არაუმეტეს 150 000 ლარის ფარგლებში). ასევე შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროტექნიკის დაგროვილი ლიზინგით ბანკიდან, სადაც სახელმწიფო შევა თანადაფინანსებაში“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ავალიანმა.

შესაბამისად, ფერმერს რომელსაც ტრაქტორი არ ჰყავს სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად, მისი დაქირავება კვლავ კერძო პირისგან ან ახალციხეში შესაბამისი კომპანიის სერვის ცენტრში შეეძლებათ. თუ გლეხი, ტექნიკის შეძენას გადაწყვეტს, მაშინ სახელმწიფო პროგრამაში უნდა ჩაერთოს, რის შედეგადაც ტრაქტორის შეძენას შეღავათიან ფასში შეძლებს. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური მთავრობა სხვა დაპირებას ვერ იძლევა.



Print