ინტერაქტიული მულტიმედია
სახალხო თეატრის ერთადერთი მხატვარი
სამუშაო მაგიდაზე სხვადასხვა სპექტაკლის ესკიზებია გაშლილი. მრავალფრად აჭრელებულ ფურცლებზე პეტრე დიასამიძის თვალით დანახული ეპიზოდებია დახატული. 34 წელია ბორჯომის სახალხო თეატრის სცენაზე, მის გარეშე არცერთი სპექტაკლი არ დადგმულა.

ერთდროულად რამდენიმე ადამიანის სამუშაოს შესრულება უწევს. ითავსებს დურგალის პროფესიასაც. ყველაფერს საკუთარი ხელით აწყობს და აკეთებს. ასე იყო რთულ 90-იანებშიც. უძრაობის ხანაში, მასალა სახლიდან მოჰქონდა და ლამპის შუქზე მუშაობდა.

„რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრი არ მუშაობდა და აქ იდგმეოდა სპექტაკლები. წელიწადში 2-3 სპექტაკლი იმართებოდა. გათბობა არ იყო. „ფეჩი“ გვედგა ოთახებში, ვთბებოდით და ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ეს იყო ერთადერთი ჩავარდნა, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვართ“.



მეოთხე კლასში იქნებოდა, როცა გაკვეთილზე ხატვით გაერთო. პირველი სერიოზული ნამუშევარიც სკოლის პერიოდს უკავშირდება. მაშინ ახალციხეში ცხოვრობდა და მესაზღვრეებს ხშირად ხედავდა, ამიტომაც მისი პირველი პერსონაჟი საზღვრის დარაჯი გახდა.
თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბორჯომში დაბრუნდა. 1976 წლიდან სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა და სარეკლამო აბრებს ხატავდა. ქალაქში გაჭიმულ „დიდება შრომას“ და სხვა ბანერებზე დატანილ საბჭოთა ლოზუნგებსაც პეტრე დიასამიძე წერდა.

10 წლის შემდეგ მის ცხოვრებაში თეატრის სცენა შემოვიდა. სახალხო თეატრის მხატვარი პარალელურად, 26 წლის განმავლობაში, ბორჯომის თოჯინების თეატრსაც აფორმებდა.

დეკორაციები ნელ-ნელა ფარდის უკან იყრიდა თავს. მათმა ავტორმა კი სცენაზე გადაინაცვლა და წლების წინ, „მე ვხედავ მზეში“ ალმასხანის როლი მოირგო. პირველ წარმატებულ შესრულებას ბევრი მთავარი და მეორეხარისხოვანი როლი მოჰყვა. საკუთარი თავი ყველაზე მეტად რევიზორი ტკიცინაძის როლში მოსწონდა, სპექტაკლიდან „ქოლგა-ვოლგა“. უკვე 6 წელია სცენიდან წავიდა, მაგრამ თეატრიდან არა.

„რომ არ მიყვარდეს ამდენი წელი არ ვიმუშავებდი. გაჭირვების წლებში ვერ დავანებე თავი, მაგრამ რომ არ დავანებე გაამართლა ამან და ახლა კმაყოფილი ვარ ყველანაირად“.

სამუშაო ოთახს მისი რამდენიმე ნახატი ამშვენებს. ხატვისთვის დრო აღარ რჩება. თუმცა, გაჭირვების წლებში სწორედ ნახატებმა გადაარჩინეს.

„რუსეთში მაგალითად ჩემი ძალიან ბევრი ნახატია გასული. ყიდულობდნენ და მიჰქონდათ. მაგით გავიტანე თავი 90-იან წლებში. 5 ლარი მქონდა ხელფასი და როგორ ვარჩენდი ოჯახს. საკმარისი არ იყო, შემოსავლის წყარო მინდოდა და ასე გავიტანე თავი“.




უნდა, რომ ხატვის ტექნიკა მომავალ თაობას შეასწავლოს, ამიტომ სამხატვრო სკოლასაც ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ მთავარი მონდომებაა.

საკუთარი უკვე აისრულა, ხატავს და კიდევ დიდხანს აპირებს საყვარელ საქმეს უერთგულოს. რთული პროექტები ყველაზე მეტად უყვარს, ამიტომაც არის მისთვის ძვირფასი „ვენეციელი ვაჭრის“ დეკოარცია. ფარდის უკან კიდევ „თორმეტი სკამი“, „ჯაყოს ხიზნები“ და ბევრი სხვა დახატული სპექტაკლი იმალება.
Print