ინტერაქტიული მულტიმედია
მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბორჯომსა და ნინოწმინდაში
“თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეების ინტერესებისთვის", ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, NDI-ს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს. 2021 წელს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტი ნინოწმინდა იყო, 2022 წელს კი პროექტს ბორჯომიც შეუერთდა.

პროექტის მეორე წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. 2022 წლის მარტში NDI-ს მხარდაჭერით ნინოწმინდაში ოფისი გაიხსნა, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტში, ღია და თანასწორი საზოგადოებისათვის.



ახალი ოფისი ნინოწმინდაში


პროექტის მთავარი მიზანია, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თემების ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების - ქალების, ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების გააქტიურებითა და გაძლიერებით ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესებში.

შეხვედრა ნინოწმინდის თვითმმართველობასთან

სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა 8 აპრილს, პროექტის ფარგლებში გამართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. მონაწილეებს გააცნეს ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საჭიროებები, რომელიც 2021 წელს იქნა გამოკვლეული. ასევე ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.



შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში


ჩართულობის ჯგუფების ფორმირება


ბორჯომსა და ნინოწმინდაში ჩამოყალიბდა ჩართულობის ჯგუფები. მათი უნარების, ცოდნის ამაღლების და გაძლიერების მიზნით, ორივე ჯგუფის წევრებისთვის, ორ ეტაპად, მაისსა და ივლისში ჩატარდა ტრენინგები თემაზე: „ადგილობრივი ბიუჯეტი, დაგეგმვა და პრიორიტეტები“. განვიხილეთ მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირების და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები, ასევე საკითხზე ორიენტირებული ადვოკატირება.
ამ თემაზე მონაწილეებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი ნინო ლოლაძე ესაუბრა.



ტრენინგები ნინოწმინდაში, ბორჯომის და ნინოწმინდის ჩართულობის ჯგუფების წევრებისთვის


საჭიროებების კვლევა ბორჯომში

მარტი-აპრილის პერიოდში, ბორჯომში ქალების, ახალგაზრდების და ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საჭიროებების შესწავლის მიზნით ჩატარდა თვისებრივი კვლევა, ფოკუს ჯგუფისა და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა როგორც სპეციფიკური, ასევე სამივე ჯგუფისთვის საერთო საჭიროებები.

სამივე ფოკუს-ჯგუფში მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც აიძულებს ადგილობრივებს, დატოვონ ბორჯომი და სამსახური ან თბილისში, ან საზღვარგარეთ ეძებონ.

ახალგაზრდების, ქალებისა და მაღალმთიან ზონაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:


ქალების გამოწვევები:

1. მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე მუნიციპალიტეტში;
2. გაზიფიცირების პრობლემა სოფლებში (დვირისა და ტაძრისის თემის 8 სოფელი გაზიფიცირების გარეშეა);
3. მარტოხელა დედებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მხარდამჭერი პროგრამების მიღების სირთულე.
4. სოფლებში სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სიმცირე;
5. არაადაპტირებული გარემო შშმ პირებისათვის;
6. სოციალური პროგრამების სიმცირე ჩვილი ბავშვების დედებისათვის (ნაკლები ხელმისაწვდომობა ჩვილი ბავშვების ხელოვნური კვებისა და მოვლის საშუალებებზე);
7. საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა სოფლებში.


ახალგაზრდების გამოწვევები:


1. დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების ნაკლებობა (მაგ.: ანაზღაურებადი პროფესიული სტაჟირების პროგრამის ნაკლებობა);
2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდული გრაფიკი სოფლებსა და გარეუბნებში შაბათ-კვირას;
3. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმების არარსებობა;
4. შემეცნებითი ხასიათის მქონე, გასართობი ადგილების ნაკლებობა;
5. მოუწესრიგებელი შიდა გზები;
6. პარკირების პრობლემა ქალაქში;


ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებში (ტაბაწყური, ბალანთა, მოლითი, ჭიხარულა) მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა გამოწვევები:

1. ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღების სირთულე.
2. მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები.
3. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა.
4. გზის გამწმენდი ტექნიკის ნაკლებობა ზამთარში.
5. საბავშვო ბაღის არარსებობა.
6. სასმელ წყალზე შეზღუდული წვდომა.
7. საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.
8. სხვა : ნაგვის ურნების სიმცირე, დასუფთავების პრობლემები.


საჭიროებების პრიორიტეტიზაცია ბორჯომში


კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების პრიორიტეტიზების მიზნით, 20 ივნისს , ბორჯომის ქუჩებსა და სოფლებში შევხვდით მოსახლეობას. კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებიდან ადგილობრივებმა აირჩიეს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი სამი საკითხი, რომელთა მოგვარება მათთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო. საკუთარი აზრი 300-მდე მოქალაქემ გამოხატა.



პრობლემების პრიორიტეტიზაცია ბორჯომში


კვლევის შედეგების პრეზენტაცია

23 ივნისს ბორჯომში გაიმართა ქალების, ახალგაზრდებისა და მაღალმთიანი ზონის სოფლებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლების საჭიროებათა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კვლევის შედეგად გამოკვეთილი გამოწვევები. გაიმართა დისკუსია ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საბჭოს, ქალთა ოთახის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

როგორც ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა აღნიშნა:

„თითქმის 90% თანხვედრაშია ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან და იმ გამოწვევებთან რაც მუნიციპალიტეტში არსებობს. მისასალმებელია ასეთი თანამშრომლობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან და კარგი იქნება თუ ერთობლივად დავგეგმავთ მერე პრევენციის სახით ღონისძიებებს და აქ იქნება ერთობლივად მოძიებული ის დამატებითი რესურსები, რომელიც ამ გამოწვევებს მოაგვარებს“.



კვლევის შედეგების პრეზენტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში


სატელევიზიო დისკუსიები ადგილობრივ თვითმმართველობებთან

პროექტის მიმდინარეობის პერიოდში გაიმართა დისკუსიები ბორჯომსა და ნინოწმინდაში ადგილობრივ ხელისუფლებასა და პროექტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს შორის.

13 მაისს, სატელევიზიო დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდებმა ნინოწმინდის მერთან მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ბარიერებზე, სტაჟირების პროგრამების სიმცირესა და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე ისაუბრეს. ანივარდ მოსოიანმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.



დისკუსია ნინოწმინდაში ახალგაზრდების და ქალაქის მერის მონაწილეობით


ახალგაზრდებს შეხვდა 1 ივლისს ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი. დისკუსიის დროს განიხილეს ჩატარებული კვლევის შედეგები. ესენია:
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმების არარსებობა, შემეცნებითი ხასიათის მქონე სივრცეების ნაკლებობა, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების ნაკლებობა(პროფესიული სტაჟირება).



დისკუსია ბორჯომში ახალგაზრდებისა და ქალაქის მერის მონაწილეობით


7 ივლისს, შეხვედრა გაიმართა ტაბაწყურის თემის ოთხი სოფლის მოსახლეობასთან. ადგილობრივებს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი და ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი შეხვდნენ.

დისკუსიისას განიხილეს ტაბაწყურში არსებული მთავარი პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. ესენია: მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, პირველადი სამედიცინო დახმარების ხარვეზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი და საბავშვო ბაღის არარსებობა.

დეპუტატი ადგილობრივებს განხილული საკითხებით დაინტერესებას და ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებას დაპირდა, რათა დროულად და ეფექტურად იყოს მოგვარებული სოფელში ექიმის პრობლემა.

„მექნება საუბარი უშუალოდ მინისტრთან ამ თემაზე და შესაბამისად ჩაერთვება ყველა სტრუქტურა, რომ იყოს ეფექტური, არსებული ექიმთა მომსახურება. ამის პარალელურად უკვე დაიწყეს მუშაობა პროექტზე, ახალგაზრდა ექიმების სოფლად განაწილებაზე, ამის დეტალური შინაარსი ექნება მომავალში ჯანდაცვის სამინისტროს და ერთად დაველოდოთ, მაგრამ ის, რომ თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ ამ საკითხის გადაწყვეტა, მე აქ გპირდებით, რომ ჩართული ვიქნები და უშუალოდ რამდენიმე დღეში მექნება მინისტრთან საუბარი ამ საკითხზე“-განაცხადა ობოლაშვილმა.

მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა ბაკურიანიდან სოფლებამდე მისასვლელი 30 კილომეტრიანი დაზიანებული გზაა. ამ გზის გავლას დაახლოების 2 საათზე მეტს ანდომებენ. გადაადგილება უჭირთ სოფლის დაზიანებულ შიდა გზებზე. მოძველებული ტექნიკის გამო ხშირად ვერ იწმინდება შიდა გზები.

პრობლემაა ტრანსპორტიც, რომელიც ქალაქის ცენტრამდე კვირაში 4 რეისს ასრულებს. მისი მუშაობა მგზავრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სოფელს 2 კერძო მიკროავტობუსი საკუთარი ხარჯებით ემსახურება. მძღოლებმა მერიას საწვავის სუბსიდირება სთხოვეს.

შეხვედრაზე ბორჯომის მერმა მძღოლებს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც მათთვის თვეში 80 ლიტრი საწვავის სუბსიდირება მოხდება.



შეხვედრა ტაბაწყურის თემში


8 სექტემბერს, გაიმართა დისკუსია ნინოწმინდაში ფერმერების, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით. ფერმერებმა მათ პრობლემებზე ისაუბრეს.

პროდუქციის რეალიზაცია იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩატარებული კვლევის დროს გამოიკვეთა. ფერმერები ძირითადად კარტოფილის რეალიზაციაზე საუბრობდნენ. ეს არის კონკურენცია ბაზარზე, დაბალი თვითღირებულება, მაღალი ხარჯი მოსავლის მოსაყვანად.



დისკუსია ფერმერებთან ნინოწმინდაში


შეხვედრები ახალგაზრდებთან


პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, ივლისის თვეში, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ ბორჯომისა და ნინოწმინდის ოფისებში, მოეწყო შეხვედრები ახალგაზრდებთან. ჩართულობის ჯგუფის წევრებმა განიხილეს ის ინიციატივები, რომლის განხორციელებაც ადგილობრივ თემებში სურთ. ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში და როგორ შეიძლება ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ინიციატივებს. ბორჯომსა და ნინოწმინდაში ახალგაზრდები სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ.

25 ივლისს, ნინოწმინდის ოფისში ახალგაზრდებს შეხვდნენ NDI-ს დირექტორი ალან გილამი და პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე. "მადლობა თქვენი აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის, იმისათვის, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ ადგილზე" - მიმართა ალან გილამმა ახალგაზრდებს.



შეხვედრა ნინოწმინდელ ახალგაზრდებთან


პროექტის შედეგები


ტაბაწყურის თემში გამართულ შეხვედრაზე, მიკროავტობუსის მძღოლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საწვავის სუბსიდირება სთხოვეს. მძღოლებმა დაპირება ბორჯომის მერისგან დისკუსიის დროს მიიღეს. აგვისტოდან მძღოლებისთვის თვეში 80-80 ლიტრი საწვავის სუბსიდირება დაიწყო.

მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, საწვავის სუბსიდირება მათთვის დიდი შეღავათია. მარშრუტის შესასრულებლად, ტრანსპორტის გადაადგილება, მგზავრების რაოდენობაზე დამოკიდებული აღარ არის.

„ძლივს გვეღირსა ზედა ზონას, რომ შეგვპირდნენ და მოგვცეს საწვავი. ადრე დავდიოდით ჩვენი ხარჯებით, ოღონდ როცა ხალხი იყო მაშინ. საწვავის გაცემის შემდეგ უკვე სავალდებულო გახდა კვირაში ერთხელ ერთმა მიკროავტობუსმა უნდა იაროს, ორის მაგივრად ერთი მაინც უნდა წამოვიდეს, გინდა 1 ან 2 მგზავრი იყოს, მაინც უნდა წამოვიდეთ. ადრე ხუთ მგზავრზე ნაკლები რომ ყოფილიყო არ წამოვიდოდით. რადგან ხარჯს ვერ დაფარავდა. საწვავი ძალიან გაძვირებული იყო, ვერ ფარავდა და არ მოვდიოდით. ჩვენი ჯიბიდან ვასხამდით საწვავს, მოვდიოდით და სულ ზარალზე ვიყავით“-გვითხრა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა სპარტაკ უნანიანმა.

ადვოკატირების ფარგლებში 2023 წლიდან ნინოწმინდელი წარმატებული სტუდენტები მუნიციპალურ სტიპენდიას მიიღებენ. ახალგაზრდების ინიციატივა დაკმაყოფილდა. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ახალგაზრდებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მერიას მიმართეს ბიუჯეტში საკითხის გათვალისწინების მიზნით.

„ჩვენ აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ იმ სტუდენტებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას უკავშირებენ. ამიტომ ახალგაზრდების ეს შეთავაზება ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ. განვიხილეთ ჩვენი ბიუჯეტი და დავაკმაყოფილეთ ახალგაზრდების ინიციატივა სტიპენდიებთან დაკავშირებით. ის სტუდენტები რომლებსაც აქვთ A შეფასება და აქვთ 91-100 ქულა ანუ უმაღლესი აკადემიური შეფასება მათ დაენიშნებათ სტიპენდია“ - განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ლევონ ვართანიანიმა.

რაც შეეხება ბორჯომს, მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლის ბიუჯეტით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას გეგმავს.

პროექტი 2023 წელსაც გრძელდება ბორჯომსა და ნინოწმინდაში. ჩართულობის ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, აქტიურად განახლდება მუშაობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გაგრძელდება მათი პრობლემების ადვოკატირება და ერთობლივად ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.





Print