ინტერაქტიული მულტიმედია
მითები და რეალობა კოვიდვაქცინაციაზე - რა გავიგეთ და რა (არ) დავიჯერეთ
სოფელ ციხისჯვარში მცხოვრები ოლღა ტოსუნოვა უკვე ერთი წელია კოვიდვაქცინირებულია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუშაობა ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში დაიწყო და იქ რეკომენდაცია მისცეს, რომ აცრილიყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მითების და დეზინფორმაციის მიუხედავად, მაინც თვლის, რომ ვაქცინაცია აუცილებელი და მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი, ასევე სხვების ჯანმრთელობის დასაცავად.


„შარშან ზამთარში ავიცერი. გადაწყვეტილება ვაქცინაციის შესახებ, მაშინ მივიღე, როცა მუშაობა დავიწყე ბაკურიანის სასტუმროში და იქ პერსონალს გვითხრეს, რომ უნდა ვყოფილიყავით ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ვაქცინაცია. თავისთავად, თავს იცავ სხვადასხვა ვირუსისგან და რომც შემხვდეს ვირუსი, უფრო ადვილად გადავიტან და გარშემომყოფებზეც აღარ გავრცელდება. მსმენია, რომ ვინც იცრება, იწვევს გარდაცვალებას. თუმცა, მიმაჩნია რომ ეს არის მითი, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ისეთ რამეს, რაც გამოიწვევს ჩვენს გარდაცვალებას“ - გვეუბნება ოლღა ტოსუნოვა.


ოლღა ტოსუნოვა


სწორედ დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა სოფელ ბალანთაში მცხოვრები ავთანდილ მაღრაძე. მაღალმთიან ზონაში ოთხი სოფელია, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ მცხოვრები მოსახლეობა, მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამოდინარე, წელიწადში, თითქმის 6-7 თვე მოწყვეტილია გარესამყაროს. იზოლირებამ და ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნამ იმოქმედა ავთანდილ მაღრაძეზეც. საზოგადოებაში გავრცელებულმა მითებმა მასზე გავლენა მოახდინა და ვაქცინების მიმართ უნდობლობა გაუჩინა. ამბობს, რომ ინფორმაციებს ტელევიით ისმენდა და სხვა წყაროებზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდა.


„იყო რწმენასთან დაკავშირებული მითები. მაგალითად: რომ აიცრები, დაიჩიპები და ასე შემდეგ. თუმცა, ახლა ვხვდები რომ ამ დეზინფორმაციის მოსმენა და დაჯერება მეორე ხარისხოვანი იყო. მაშინ, უნდობლობა გამიჩნდა ვაქცინების მიმართ. არც ინფორმირებული ვიყავი იმ კუთხით, რომ როცა ავიცრებოდი, რა იქნებოდა, ვიქნებოდი თუ არა დაზღვეული. მხოლოდ ტელევიზიებიდან ვისმენდი ინფორმაციებს. არც მე მიცდია სხვაგან ინფორმაციის გადამოწმება და არც სხვა წყაროებზე მქონდა ხელმისაწვდომობა. ამან კი იქონია გავლენა ჩემზე. ახლა ვაქცინირებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა ავიცრა“ - ამბობს ავთანდილ მაღრაძე.


ავთანდილ მაღრაძე



რა ინფორმაციებს ვისმენთ საზოგადოებაში, ვუყურებთ ტელევიზორში და ვკითხულობთ ინტერნეტში, რომელი არის ტყუილი და რომელი მართალი. 21-ე საუკუნეში მითების და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა მოქალაქეებს უჭირთ. შევეცადეთ გაგვერკვია, ვის რა ინფორმაცია ჰქონდა მოსმენილ-გაგებული. კითხვები დავუსვით ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ბორჯომის მაღალმთიან ზონაში მყოფებს. გაირკვა, რომ დეზინფორმაციამ მიაღწია ყველგან, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად. 






ადამიანების დაჩიპვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაზიანება, სიკვდილიანობა, RNM ვაქცინების მიერ დეენემის ცვლილება და ა.შ. - ყველაზე ხშირად გავრცელებულ დეზინფორმაციას არგუმენტებით, სტატისტიკით და არსებული პრაქტიკით პასუხობენ ექიმები.




და მაინც, საიდან და რატომ ვრცელდება დეზინფორმაცია საზოგადოებაში, სფეროს სპეციალისტები საკითხს გარკვეული მიზეზებით ხსნიან.

„სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობაში ძალიან ბევრი სამედიცინო მითი არის გავრცელებული, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს გასაგებიცაა. ცალკეული ადამიანისთვის ძალიან რთულია, განსაზღვროს ზუსტად, რა წყაროს უნდა დაეყრდნოს, ამიტომ, ადამიანები ერთმანეთს ურჩევენ და ეს მითები რაღაცნაირად გადადის ერთიმეორეზე. ვინაიდან არ აქვთ სანდო საინფორმაციო წყარო, შესაძლოა ზოგი გახდეს ამ მითების მსხვერპლი. კოვიდი რა თქმა უნდა, ამ მხრივ ვერ იქნებოდა გამონაკლისი, რადგან არის სრულიად ახალი, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მუშაკებშიც არის ინფორმირებულობის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში. ესეც არ არის ზოგიერთი მათგანის ბრალი, რადგან ტრენინგები ეფექტურად არ წარიმართა. ამიტომ, ზოგჯერ ჯანდაცვის მუშაკებისგანაც იღებენ არასწორ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, მოსახლოების ყველა კითხვას ვუპასუხოთ. თუნდაც ისეთ კითხვებს, რომლებიც ერთი შეხვედვით არარაციონალურად გამოიყურება. რადგან, ადამიანებს აქვთ უფლება გარკვვნენ, დასვან კითხვები და მიიღონ სწორი პასუხები.“ - ამბობს ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.




„ამ რეგიონში, ვაქცინაციის შემდეგ, ჩვენი კოლეგის გარდაცვალების ფაქტმა, ექიმებიც ძალიან შეგვაშინა. ვფიქრობ ეს თემაც არ არის კარგად გაშლილი. ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია და უკან დაწია ვაქცინაციის ტემპი, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ასტრაზენეკას. ჩემი აზრით, ყველა ძლიერი სწორედ ეს ვაქცინა იყო. გარდა ამისა, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ასტრაზენეკას თრომბოემბოლიური გართულება დააბრალა და შეწყვიტეს მისი გამოყენება. ამან რათქმა უნდა კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. მერე კი დადგინდა, რომ არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ასტრაზენეკასა და თრომბოემბოლიას შორის არ იყო. თუმცა, საბოლოო ინფორმაცია ისე სწრაფად ვეღარ გავრცელდა საზოგადოებაში, როგორც მანამდე იყო ეს დეზინფორმაციის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ვიცი რომ მედია ცდილობს საკითხის სწორად გაშუქებას, მაგრამ, პანდემიის პირობებში ეს ძალიან რთული იყო. არც ჟურნალისტებს ჰქონდათ წვდომა სანდო ინფორმაციაზე, ექიმებიც ვიყავით ჩაკეტილი, ეს იყო ახალი და ჩვენთვისაც არ იყო ყველაფერი ცნობილი პირველ ეტაპზე. ყოველი ახალი პაციენტის შემთხვევაში ახალ ინფორმაციას ვიღებდით, შემდეგ ამას ვაზუსტებდით ამერიკულ, ინგლისურ საიტებზე. ჩვენც ხომ არ ვართ ექსპერტები. ძალიან ბევრი პრობლემა იყო, რამაც საზოგადოების გაუცხოება გამოიწვია, მაგრამ, ახლა ხომ უკვე ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ ვამბობთ, რომ რაც უფრო მძიმეა მდგომარეობა და რაც უფრო მეტი ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს, მითუფრო აუცილებელია მისი აცრა“ - გვეუბნება ექიმი ვაქცინაციის მიმართულებით, თამარ გუმბერიძე. 



ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის დირექტორი ნათია კუპრაშვილი თვლის, რომ დეზინფორმაციის ნაწილი გამიზნულად იყო გავრცელებული საზოგადოებაში და ეს მტრული სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა. მისი თქმით, რუსული მედია დღემდე ცდილობს პროპაგანდა გაუწიოს იმ მითებს, რაც საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაზე დღემდე ახდენს გავლენას. ნათია კუპრაშვილი თვლის, რომ მედია არის ეფექტური იარაღი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.




„აქ გვქონდა ჩვენ პარალელური პროცესები. ერთი ეს იყო მართული შინაარსის, რომელიც ძირითადად, მტრული სახელმწიფოს მხრიდან იყო გავრცელებული, განსაკუთრებით საქართველოზე, „ტარგეტირებული“ შინაარსით. და ეს იყო რუსეთისთვის მოსახმარებელი ამბები და მითები ლუგარის ლაბორატორიასთან, ვირუსის გამოგონებასა და შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინაზე რომ შეექმნათ მტრის ხატი. ეს შინაარსი ისევ გრძელდება, რუსეთის მედიის მხრიდან. ასევე, გვქონდა პარალელური მითები, რომლებიც უფრო ინფორმაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული და თავისთავად დაბადებული დეზინფორმაცია. ორივე ამ ნაწილს უნდა შეეშველოს მედია. ახლა მითუმეტეს, უფრო მეტად უნდა ვისაუბროთ, რადგან ძალიან ბევრი რუსი მიგრანტი გვყავს და შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ არანაირი ვირუსების გამოგონება საქართველოში, მითუმეტეს ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. თორემ, თვითონაც არ გამოიქცეოდნენ ახლა საქართველოში. გვაქვს დაუსრულებელი თემები, მათ შორის ის რაც მოხდა ამ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, ვგულისხმობ ექთნის გარდაცვალებას. აუდიტორია ელის ჩვენგან პასუხებს. ვიცით, რომ ჟურნალისტებს ამ კუთხით მეტი გვაქვს სამუშაო. უნდა მივაწოდოთ ხალხს მეტი ინფორმაცია, რადგან ჯანდაცვა თითოეული მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი“ - გვპასუხობს ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის დირექტორი.



მაშინ, საიდან უნდა მივიღოთ სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია, რომ არ შევიდეთ შეცდომაში და არ მოვექცეთ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ? - ამაზე ექიმმა ეპიდემიოლოგმა თინათინ აბზიანიძემ გვიპასუხა. ასევე, ერთმანეთისგან გამიჯნა ყველაზე ხშირად გავრცელებული მითები და რეალობა. 







სფეროს ექსპერტები გვირჩევენ, რომ როდესაც ინფორმაციას გავიგებთ ქუჩაში ან რაიმე სივრცეში, წავიკითხავთ სოციალურ ქსელში თუ ვირუსულად გავრცელებულ ვებ-გვერდებზე, სანამ დავიჯერებთ სჯობს გადავამოწმოთ წყარო, მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია და შემდგომ მივიღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება. ისინი ირწმუნებიან, რომ ვაქცინა გვიცავს და პანდემიის დასასრულებლად ეს ერთადერთი გზაა.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის იმუნიზაცია სამი ვაქცინით: ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით მიმდინარეობს. 2022 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ აცრილია - 2 882 587 მოქალაქე. რაც შეეხება აქამდე გამოვლენილ შემთხვევებს, დღეის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1 655 221 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 637 293 პირი. ხოლო, „უხილავ მტერთან“ ბრძოლაში დამარცხდა 16 811 ადამიანი.





Print