ინტერაქტიული მულტიმედია
სათემო რეინჯერები რეგიონებიდან
დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში, პროფესიონალებთან ერთად პირველად ჩაერთნენ სათემო რეინჯერები. სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა, რიგითმა ახალგაზრდებმა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ.

,,ნაკრესი’’ ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი’’, რომლის ფარგლებშიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან, ბორჯომიდან, ახალციხიდან, ადიგენიდან, ხარაგაულიდან შეარჩია 15 ახალგაზრდა.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტთან. შერჩეულ ახალგაზრდებს შორის არიან უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. პროექტი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

პროექტის პირველ ეტაპზე, შერჩეულ ,,სათემო რეინჯერებს’’ ჩაუტარდათ სამ დღიანი ინტენსიური ტრენინგი, შემდეგ თემებზე:




ტრენინგი სათემო რეინჯერებისთვის




 დაცული ტერიტორიების შექმნის და ჩამოყალიბების მიზანი (კატეგორიები, ზონიერება), დაინტერესებული მხარეები და კონფლიქტები;

 ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, მონიტორინგის მეთოდები, კვალის იდენტიფიკაცია, ტექნოლოგიების გამოყენება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში, ტექნოლოგიები და მისი განვითარება;

 ფოტოხაფანგების და GPS მოწყობილობების გაცნობა და გამოყენება.



სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.



სათემო რეინჯერები ფოტოხაფანგებს ეცნობიან



სათემო რეინჯერები ფოტოხაფანგებს ეცნობიან



„ძალიან საინტერესო იყო ეს სამი დღე. პირველ დღეს ფაქტობრივად ერთ ენაზე ავლაპარაკდით. გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები. მეორე დღეს გვქონდა პრაქტიკული საკითხები. ფაქტობრივად, ხელით შევეხეთ ცხოველების ნაკვალევს. მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო ბეჟან ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება“
-
გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს ვერიკო ბაზალი.

„ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა ჩვენი გამოწვევაა და ამას დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. გარდა ამისა, ვთვლი რომ პროექტი პროფესიულ განვითარებაშიც დამეხმარება და შემდგომშიც არ გამოვრციხავ, ჩემ თანამშრომლობას პროექტის უშუალო წარმომადგენლებთან“ - ამბობს მიშო ჯოგლიძე.







სათემო რეინჯერებმა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. ველზე გავიდნენ და დაიწყეს ადგილების შერჩევა ფოტოხაფანგების დასამონტაჟებლად. ისინი ჯგუფებად დაიყვნენ და საქმეს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეუდგნენ.



სათემო რეინჯერები ფოტოხაფანგებს ამონტაჟებენ



ფუნქციებიც გადაინაწილეს. ზოგი ფოტოხაფანგს ამონტაჟებდა, ზოგი GPS კოორდინატებს ინიშნავდა. რა თქმა უნდა, მათ ადგილზე ეხმარებოდნენ პროექტში ჩართული სფეროს სპეციალისტები. 


სათემო რეინჯერები GPS კოორდინატებს ინიშნავენ


უკვე დამონტაჟებულ ფოტოხაფანგების ობიექტივში, მოუთმენლად ელოდნენ დაფიქსირებულ რომელიმე ცხოველს. შედეგმაც არ დააყოვნა. ფოტოხაფანგების ობიექტივში, ეროვნული პარკის ფაუნის თითქმის ყველა წარმომადგენელი მოხვდა. ეს პროცესი თითოეული მონაწილისთვის იყო საკმაოდ საინტერესო და სახალისო. 




ირემი ფოტოხაფანგის ობიექტივში




“საინტერესო იყო ფოტოხაფანგების დამონტაჟება, ცხოველების დაფიქსირება, მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და ასე თუ ისე გამოგვივიდა და კიდევ და კიდევ ვიღრმავებთ ამ ცოდნას. აქამდე არ მქონია მსგავსი გამოცდილება, პირველად ვარ ასეთი ტიპის პროექტში. იყო გარკვეული საკითხები, რაშიც გარკვევა გამიჭირდა, მაგალითად, სწორი რაკურსის აღება, სწორი ადგილის შერჩევა რომ დავაფიქსიროთ ცხოველი. მოგეხსენებათ, ცხოველი საკმაოდ ფრთხილია და გვიჭირდა ასეთი ადგილის შერჩევა, თუმცა პროფესიონალი ტრენერების დახმარებით ყველაფერი შევძელით. მე პროფესიით აგრონომი ვარ. სამომავლოდ, საქმიანობის გაგრძელება მსურს სატყეო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ გამომადგება ეს პროექტი და აქ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სამომავლო პერსპექტივაში“
-
გვეუბნება ნიკოლოზ კაპანაძე. 

 


ნიკოლოზ კაპანაძე - სათემო რეინჯერი




სათემო რეინჯერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს ორი მეთოდით ახორციელებენ - კვალზე დაკვირვებით (მონაცემების შეგროვება, და დამუშავება) და თანამედროევე ტექნოლოგიების - ფოტოხაფანგების გამოყენებით. 






საქმეს, დასვენება და განტვირთვა ანაცვლებდა. დალაშქრეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ღამისთევით იყვნენ ლომის მთაზეც, რომელიც ეროვნული პარკის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის სხვადასხვა ადგილის მონახულების დროს, მათი ემოციები და შთაბეჭდილებები ფოტოებშიც კარგად იკითხება. 



სათემო რეინჯერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში



სათემო რეინჯერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში



სათემო რეინჯერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში





სათემო რეინჯერებმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიაც დაიწყეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაში. ეროვნული პარკის შესახებ, 50 რესპონდენტი სპეციალური კითხვარის საშუალებით გამოკითხეს. 


სათემო რეინჯერები მოსახლეობაში გამოკითხვას ატარებენ



გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს, ბორჯომის, ლიკანის, სოფელ ქვაბისხევის და დაბა ხარაგაულის მოსახლეობამ. კვლევის შედეგები იყო საინტერესო.



სათემო რეინჯერები ხელს უწყობენ, ეროვნულ პარკს და ადგილობრივ თემს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. 





პროექტი აერთიანებს რეგიონებიდან მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიომრავალფეროვნების მონიტორინგით. ახალგაზრდები პირველ ნაბიჯებს დგამენ ,,სათემო რეინჯერის’’ იდეის განვითარებაში. ჯგუფი გენდერულად დაბალანსებულია. პროექტში 15 წევრიდან ჩართულია ექვსი ქალი, სხვადასხვა პროფესიის, სტატუსის და ისტორიის მქონე. 



სათემო რეინჯერი ქალები



„თავდაპირველად, როდესაც გავაჟღერე, რომ ეკოლოგი უნდა გავხდე-თქო, ყველა მეუბნებოდა, რომ შენ ქალი ხარ და შეიძლება არ გამოგივიდეს ეს საქმე... მაგრამ, ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის მიმეორებდნენ, ნინო შენ შეძლებ! თავს კარგად გაართმევ საქმეს! ძალიან მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და დღეს ეკოლოგი ვარ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორ მოსაზრებად, რომ ამ საქმეს ქალი ვერ შეძლებს. ვფიქრობ, ქალები უფრო წარმატებულები ვიქნებით, მთავარია მონდომება. უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტი ქალი ჩაერთვება ბუნების დაცვაში. ზოგადად, ადამიანების ჩართულობა ბუნების დაცვის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ ის, რომ იქნებ იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ... უნდა მივხვდეთ, რომ ბუნება ადამიანის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი და მისი დაცვა ჩვენთვის უნდა იყოს პრიორიტეტული“ - გვეუბნება ნინო მაღრაძე.

სათემო რეინჯერი ნინო მაღრაძე ხარაგაულიდანაა. მომავალი ეკოლოგი, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ბავშვობიდან იცნობს. მამა რეინჯერი ჰყავს და დაცული ტერიტორიების სილამაზეს პატარაობიდანვე ეზიარა. ხშირად დაჰყავდა მთაში ცხენებით. ბუნებასთან სიახლოვემ კი პროფესიულ არჩევანზეც იქონია გავლენა, საზოგადოების მხრიდან არაერთი გენდერული სტერეოტიპის მიუხედავად.



ნინო მაღრაძე - სათემო რეინჯერი




ექვსივე ქალი სათემო რეინჯერების შესახებ, ამ მასალიდან შეიტყობთ:

"სათემო რეინჯერი ქალები ბიომრავალფეროვნების დასაცავად"


სათემო რეინჯერებმა ფოტოხაფანგებით, ცხოველებთან ერთად, ბრაკონიერებიც დააფიქსირეს და ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასაც მიაწოდეს, რომელიც ბრაკონიერობის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. ბრაკონიერობის ფაქტების შესამცირებლად, სათემო რეინჯერები, საზოგადოების ინფორმირებაზეც ზრუნავენ. 







სათემო რეინჯერების ექსპედიციები და თავგადასავლები მრავალფეროვანია. წინ სხვა საინტერესო ამბებიც ელით. ერთწლიანი პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. 



სათემო რეინჯერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში



„სათემო რეინჯერი“ - ეს არის პირველი პრეცენდენტი საქართველოში, რომელმაც მოხალისეობრივი საქმიანობაში რეგიონებიდან ჩართო დაინტერესებული ახალგაზრდები. 





მათი შემდგომი საველე გასვლების, დაჯილდოების და სხვა ამბების შესახებ ინფორმაციებს სოციალურ ქსელშიც შეგიძლიათ გაეცნოთ. ,,ველური ბუნების კვალდაკვალ’’ - სათემო რეინჯერების Facebook და Isntagram გვერდებია. თვალი ადევნეთ, აქ მათ შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ორივე გვერდის გამოწერა. 





პროექტს, „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“, ახორციელებს NACRES, ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების გრანტის ფარგლებში. 








ამავე თემაზე:



ბორჯომში სათემო რეინჯერები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ერთვებიან;

ფოტოხაფანგების დამონტაჟება/ახსნა - სათემო რეინჯერები საველე მონიტორინგში ჩაერთვნენ;

სათემო რეინჯერებმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყეს;

სათემო რეინჯერი ქალები ბიომრავალფეროვნების დასაცავად;

სათემო რეინჯერებმა ფოტოხაფანგებით ბრაკონიერები დააფიქსირეს;

Print