ინტერაქტიული მულტიმედია
სტუმრების შიში და ლიბანელების უპასუხო კითხვები
„აქ ეგეთი რამე არ ყოფილა, რომ ვიღაც დაავადდა და ვინმეს ვირუსი ჰქონოდა. ჩვენ სხვების გვეშინია, სტუმრები რომ მოდიან სოფელში“, - ამბობს მაყვალა ჯარიაშვილი, ბორჯომის პატარა სოფელ ლიბანიდან.

ლიბანი პატარა სოფელია, სულ 20-მდე მუდმივად მცხოვრები ოჯახით. აქ ძირითადად 80-იან წლებში, ადგილობრივ სანატორიუმში სამკურნალოდ ან სამუშაოდ ჩამოსულები დამკვიდრდნენ. უნიკალური მიკროკლიმატის გამო, სანატორიუმს დამსვენებელი საქართველოს ყველა კუთხიდან ჰყავდა. ლიბანს ძირითადად ბრონქებისა და ფილტვების სამკურნალოდ სტუმრობდნენ და სამკურნალო გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებდნენ.


მაყვალა ჯარიაშვილი

მაყვალა ჯარიაშვილი ლიბანში დუშეთიდან ჩავიდა და სანატორიუმში დამლაგებლად მუშაობა დაიწყო. სოფელში საცხოვრებელი სახლიც მისცეს. სამკურნალო დაწესებულება დიდი ხანია ნანგრევებად იქცა, მაყვალა კი 70 წლის არის და ლიბანში მარტო ცხოვრობს.



ნანგრევებად ქცეული სანატორიუმი ლიბანში

11:00 საათია და სოფელში სრული სიჩუმეა. არც ეზოებში და არც ორღობეებში არავინ ჩანს. ლიბანი „ჩვეულებრივი“ სოფელი არ არის. აქ არც მაღაზიაა, არც აფთიაქი, არც სკოლა და საბავშვო ბაღი. რა თქმა უნდა, ვერც რიტუალების სახლს მოკრავთ თვალს, ვერც სამედიცინო ამბულატორიას და ვერც სოფლის ბიბლიოთეკას. ერთადერთი, რითიც იქაურობა ბორჯომის სხვა სოფლებს ჰგავს, თანამედროვე გარე სავარჯიშო სივრცეა, რომელიც სოფელში 2019 წელს დაამონტაჟეს.


ლიბანში სავარჯიშო სივრცეც ცარიელია

ტრენაჟორებით სოფელში არავინ სარგებლობს. შემოუღობავ ტერიტორიას ადამიანებზე ხშირად სოფლის პირუტყვი სტუმრობას.

„აბა, მაგით ჩვენ როგორ ვისარგებლებთ, ახალგაზრდა არ არის სოფელში, ზაფხულში თუ ჩამოვლენ ბავშვები სტუმრად, თორემ ჩვენ როგორ გამოვიყენოთ, მოხუცები შემოვრჩით ლიბანს“, - გვეუბნება მაყვალა ჯარიაშვილი.

დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაკეტილია და მხოლოდ ზაფხულში იღება. ბოლი რამდენიმე სახლის საკვამურიდან ამოდის. მაღალმთიან და წიწვოვანი ტყით გარშემორტყმულ სოფელში მკაცრი ზამთრისთვის ემზადებიან.

სახლში შეკეტილი ადამიანები ეზოებში ჩვენი გამოჩენის შემდეგ გამოდიან.



ნოე იანტბელიძე საკუთარ ეზოში

ნოე იანტბელიძე, ლიბანში მეუღლესთან და სიდედრთან ერთად ცხოვრობს. სოფელში მეგზურობას გვიწევს. გვათვალიერებინებს და გვიყვება, რომ ამ ორწლიანი პანდმიის პირობებში, არც მას, არც მისი ოჯახის წევრებს და არც მეზობლებს კორონავირუსით არ უავადიათ.

„არ ყოფილა არავისთან, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. სულ იმას ვფიქრობ, რომ მშვიდობიანად დამთავრდეს“, - სკუთარ შიშს გვიზიარებს ნოე იანტბელიძე. ვაქცინა გაკეთებული არ აქვს. ვერ გადაწყვიტა. თან აქვს აცრის სურვილი, თან ცოტა ეშინია.

„უბნის ექიმმაც დაგვირეკა, აიცერითო“, - ამბობს ნოე იანტბელიძის მეუღლე ნაირა ხმალაძე. მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში აიცრას, თუმცა იმასაც გვიხსნის, ვაქცინა აქამდე რატომ არ გაიკეთა.

„ჩემი და თბილისში მუშაობს, ორჯერ იყო აცრილი და მაინც შეხვდა ვირუსი, რატომ შეხვდა? ჩემი ბიჭის თანამშრომელს, ორჯერ აცრილს შეხვდა ვირუსი და ძლივს გადაიტანა. რატომ შეხვდა? აი ესეც საეჭვოა“.




იმისათვის რომ აიცრან, ლიბანში მცხოვრებლებმა ბორჯომის სამედიცინო ცენტრს უნდა მიაკითხონ. ლიბანიდან უახლოეს დასახლებამდე, სოფელ „ტბამდე“ ფეხით დაახლოებით სამი კილომერტი უნდა გაიარონ. შემდეგ ავტობუსით ბორჯომამდე იმგზავრონ და უკან იგივე მარშრუტით დაბრუნდნენ.

უგზოობა და უტრანსპორტობა დასახლების მთავარი გამოწვევაა. მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით, დასახლებამდე მისასვლელი გზა მოიხრეშა, მაგრამ ტრანსპორტი ლიბანში ამ დრომდე არ დაინიშნა.

იმისათვის, რომ ბანკით, აფთიაქით, სასურსათო მაღაზიით ან სამედიცინო ცენტრით ისარგებლონ, ხშირად ლიბანში მცხოვრებლებს ტაქსის გამოძახება უწევთ. ბორჯომში ერთი ჩასვლა და უკან დაბრუნება 30-დან 50 ლარამდე უჯდბათ.

„86 წლის დედა მყავს, ამ უტრანსპორტობის გამო ექიმთან წაყვანა მიჭირს. ბოლოს ხუთი-ექვსი წლის წინ მყავდა სამედიცინო ცენტრში და ამ დრომდე იმ დანიშნულებით ვხელმძღვანელობთ. ტაქსით რომ წავიყვანო და წამოვიყვანო, მარტო მგზავრობაში დაგვჭირდება მისი პენსია“, - გულისტკივილს გვიზიარებს ნაირა ხმალაძე.



კოშაძეების ეზო სოფელ ლიბანში

კოშაძეები დასახლებაში ერთადერთი ბავშვიანი ოჯახია. ავთანდილ კოშაძეს შვილიშვილები ბორჯომის მესამე საჯარო სკოლაში ყოველდღე მანქანით დაჰყავს. პატარებს, თანაკლასელებისგან განსხავევბით, დილით გაცილებით ადრე უწევთ ადგომა. გაკვეთილების დამთავრებამდე ბაბუას ბორჯომში ლოდინი უწევს, ან სოფელში ბრუნდება და ისევ მიდის შვილიშვილების წამოსაყვანად.

ზამთარში ბავშვების სკოლაში ტარება რთულდება. ამის გამო კოშაძეებმა ბორჯომში ბინა იქირავეს და ზამთარს იქ ატარებენ.

„ყოველდღე აქედან ტარება ძნელია, სად არის ამდენი საშუალება, რომ ყოველდღე ამდენი საწვავი ასხა?“ - შემოგვჩივლა ავთანდილ კოშაძემ.

დასახლებაში ტრანსპორტის დანიშვნას და მის ყოველდღიურ რჟიმში მუშაობას არ ითხოვენ. კვირაში ერთხელაც რომ შეძლონ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა, მათთვის ესეც დიდი შვება იქნება. მთელი სოფელი დასახლებაში არსებული ორი მანქანის იმედად აღარ იქნება.



ლიბანში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაკეტილია

კიდევ ერთი ტრანსპორტი, რომელიც სოფელ ლიბანს გაივლის, ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელია. პანდემიის გამო, ის მეორე წელია აღარ მოძრაობს და ლიბნელები გადაადგილების ამ იაფი საშუალებითაც ვეღარ სარგებლობენ.



ბორჯომი ბაკურიანის მატარებლის ლიანდაგი

ერთადერთი, რაც სოფელში ეიმედებათ - სასწრაფოა. გადაუდებელი დახმარების ჯგუფი დასახლებაში გამოძახებისთანავე მიდის.

20 ოჯახით დასახლებულ სოფელში, ამ დროისთვის, ერთი კოვიდგადატანილი და ერთი აცრილი ადამიანი ცხოვრობს. მართალია ამბობენ, რომ ჯანმრთელობას არ უჩივიან, მაგრამ სადღაც მაინც შიშობენ, „რამე რომ მოხდეს, უნდა ვინანოთ, აქამდე რატომ არ ავიცერით“.



ავიცრათ თუ არ ავიცრათ?
- ახლა ზუსტად ამ ფიქრებში არიან. ერთმანეთსაც უყურებენ და, ალბათ, სამედიცინო სფეროს ერთი წარმომადგენლის არგუმენტირებული განმარტებები, მათ კითხვებს და ეჭვებს მარტივად გააბათილებდა. ბუნებრივ იზოლაციაში მყოფებს, იშვიათად მისული სტუმრებისაც არ შეეშინდებოდათ, ამ „უკოვიდო“ დასახლებაში ვირუსი არ შემოგვიტანონო.

იქამდე კი სოფელი ცივი ზამთრისთვის ემზადება. სურსათს იმარაგებს, მოსავალს აბინავებს და იმედოვნებს, რომ ოდესმე მათაც ექნებათ მოწესრუგებული გზა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ლიბანი „ჩვეულებრივ“ სოფელს დაემსგავსება.



Print