ინტერაქტიული მულტიმედია
აცრა - სახელმწიფოს გადაწყვეტილებით შეფერხებული პროცესი


შეწყვეტილი ვაქცინაცია



ბორჯომში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 მარტს დაიწყო და 18 მარტს დასრულდა. სპეციალურ პორტალზე სულ რვა მსურველი დარეგისტრირდა. აიცრა ექვსი. კლინიკაში ახალციხეში მომხდარი შეიტყეს: ექთანს, მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ბორჯომში ორმა მედმუშაკმა ვაქცინაციაზე უარი თქვა. ოთხი დოზა გაფუჭდა და გადაღვარეს. მას შემდეგ იმუნიზაციის პორტალზე აღარავინ დარეგისტრირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრიდან“, 22 მარტს 240 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა გაიტანეს.


საკურორტო ქალაქის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი თეა გოგალაძე იმ ექვსიდან პირველი იყო, ვინც აიცრა.


„ვაქცინაციის მეორე დღეს მქონდა სახსრების და კუნთების მსუბუქი ტკივილი, ასევე უმნიშვნელო ტკივილი ინექციის ადგილზე, ეს იყო და ეს. როგორ იმოქმედებს ადამიანზე ვაქცინა, ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ამას ვერანაირი ტრენინგი და წინასწარ მიღებული ინფორმაცია ვერ განსაზღვრავს. მასობრივი ინფექციების დროს, ვაქცინაცია არის აუცილებელი, ამაზე მეორე აზრი არ არის. ბევრი ინფექცია მსოფლიოში ვაქცინამ შეაჩერა”.


თეა გოგოლაძემ ვაქცინის მეორე დოზა მაისის დასაწყისში უნდა გაიკეთოს, მაგრამ სავარაუდოდ ბორჯომში ვეღარ აიცრება.


ახლა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაცია მხოლოდ ერთ სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში, თუმცა, 18 მარტის შემდეგ, იქაც არავინ აცრილა. იმუნიზაცია შეწყდა ახალციხის კლინიკა „იმედშიც“.


არადა, ვაქცინის შეტანამდე, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში“ სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც ვაქცინაციისა და შემდგომი პროცესისთვის საჭირო ყველა ინვენტარი შეიტანეს. იქამდე კი, როგორც ცენტრში გვითხრეს, პერსონალმა ტრენინგი გაიარა. გადაამზადეს ოჯახის ექიმები, ექთნები და რეგისტრატორები. მათ შორის იყო მედდა, რომელმაც ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ექვსი ადამიანი აცრა. ის ფლობს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა წარმართოს პროცესი პაციენტის ვაქცინაციის ოთახში შემსვლიდან - გასვლამდე.






პაციენტს ოთახში ხვდებოდა ექიმიც და ექთანიც, ვუზომავდით სიცხეს, წნევას, სატურაციას და ვავსებდით სპეციალურ კითხვარს , რომელსაც (პაციენტი, რედ.) ყურადღებით უნდა გაეცნოს და გულდასმით შეავსოს. გარდა ამისა, ექიმი დამატებით კითხვებსაც უსვამდა“, - ამბობს ნატო გეგეშიძე.

ასაცრელი პირის COVID 19-ის ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარში სულ 11 კითხვაა. მაგალითად: დღეს თავს როგორ გრძნობთ? ოდესმე გქონიათ თუ არა ალერგიული რეაქცია ვაქცინებზე? ოდესმე გქონიათ თუ არა დადებითი ტესტი COVID 19-ზე? ორსულად ხომ არ ხართ? მეძუძური დედა ხომ არ ხართ? და ა.შ.


თუ პასუხები დამაკმაყოფილებელია და პაციენტი მზად არის COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის, ის ხელს აწერს თანხმობის ფურცელს. ამის შემდეგ კეთდება ვაქცინა.




იმუნიზაციის კაბინეტის ექთანმა ვირუსი ახლახან დაამარცხა. აცრას რამდენიმე თვეში გეგმავს. იმედი აქვს, რომ ამის შესაძლებლობა ბორჯომში ექნება.

რა მიზეზით შეწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცესი, ბუნდოვანია. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის განმარტებით, სავარაუდოდ, ვაქცინის გატანა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მცირე რაოდენობამ (25 214 კაცი 2014 წლის აღწერით) და მოთხოვნის არარსებობამ  განაპირობა.

„აქ საუბარი, სავარაუდოდ, სერვისის მიწოდებზე არ არის. ახალციხეში მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბორჯომში ვაქცინაზე აღარავინ დარეგისტრირებულა. მოგვიხდა იმ დარჩენილი ოთხი დოზა ვაქცინის განადგურება“.

ირაკლი დიასამიძე არ გამორიცხავს, რომ ბორჯომში  აცრის პროცესი  განახლდეს, თუ ქვეყანაში ვაქცინებისადმი ნდობა და მოთხოვნა გაიზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არაერთხელ მივმართეთ, რათა იმუნიზაციის შეწყვეტის მიზეზი და განახლების პერსპექტივის შესახებ ინფორმაცია გაგვეგო. უწყებებმა ერთმანეთთან გვამისამართეს, პასუხი კი მაინც ვერ მივიღეთ.



ნატა გეგეშიძე, იმუნიზაციის ცარიელ ოთახში

ისევე, როგორც COVID-19-თან  ბრძოლის შემთხვევაში, აცრის პროცესშიც, სამედიცინო პერსონალი წინა ხაზზე აღმოჩნდა. თუ პირველ ვითარებაში უკან არ დაიხიეს, ვაქცინაციისგან თავი  შეიკავეს. ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სულ 180 ადამიანი მუშაობს. აქედან მხოლოდ სამი აიცრა. ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დასაქმებული 51 პირიდან ვაქცინა ოთხმა გაიკეთა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე განმარტავს, რომ პერსონალის დიდ ნაწილს ვირუსი გადატანილი აქვს და 120 დღე ჯერ არ გასულა.

“ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცევი, ავიცრები თუ არა საერთოდ“ - გვეუბნება, სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი კლინიკის მედდა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.

„სიმართლე რომ გითხრათ უფრო იმ ინფორმაციამ დამაფიქრა, რაც ვრცელდება. ათას რამეს ამბობენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემზეც მოქმედებს. ჩემს გარშემო ასე ბევრი ფიქრობს. თუ არ დაგვაძალეს, ჯერ თავს შევიკავებთ. თან იმაზეც ვფიქრობ, როგორ გაგვიმეტებს ასე სახელმწიფო მთელ სამედიცინო პერსონალს“.

მედდა იმასაც ამბობს, რომ წინასწარი კვლევა ძვირია და მოსახლეობის უმეტესობა ვერ შეწვდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ აცრამდე არავითარი ანალიზი ან შემოწმება პაციენტს არ მოეთხოვება.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს მიაჩინია,  რომ მედიკოსების დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.

„სიფრთხილეს თავისი მიზეზები აქვს, სულ ამაზეა ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის მუშაკებს რაში სჭირდებათ ინფორმირება, თვითონაც უნდა იცოდნენ, რეალურად ასე არ არის. ჯანდაცვის მუშაკობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კარგად ფლობდე ვაქცინების მოქმედების მექანიზმებს, კარგად იცოდე იმუნოლოგია. მათაც სჭირდებათ სათანადო ახსნა და განმარტება, არსებულ კითხვებზე პასუხი. ფაქტობრივად, ასეთი მოსამზადებელი საინფორმაციო სამუშაოები არ ყოფილა“, - განმარტავს მაია ბუწაშვილი.

რეგიონების კლინიკებიდან ვაქცინის გატანას ინფექციონისტი სწორ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს. მაია ბუწაშვილის აზრით, პატარა ქალაქებში აცრის პროცესი აუცილებლად უნდა განახლდეს.

„ძნელი წარმოსადგენია, რომ რეგიონებიდან თბილისში წამოვიდეს ხალხი ასაცრელად. ეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო შეანელებს ვაქცინაციის პროცესს“.




ტელეკომპანია „ბორჯომმა“ სოციალური ქსელის საკუთარ  გვერდზე https://www.facebook.com/tvborjomi, მომხმარებლები გამოკითხა. კითხვაზე, „აპირებთ თუ არა აცრას?“ 300-ზე მეტმა ადამიანმა უპასუხა, უმეტესობამ უარყოფითად, (აპირებთ თუ არა აცრას: არა - 198, კი - 65, არ ვიცი - 58) კომენტარები კი ასეთია:

„საბჭოთა ვაქცინები 30 წლიანი გამოცდის მერე მოვიდა ჩვენამდე, ეს ვაქცინები ექსპერიმენტულია“.

„ასტრაზენეკას“ არა“.

„ველოდები, ჩემი ასაკისთვის რომ იქნება დაშვებული, აუცილებლად ავიცრები“.

„არასდროს (ავიცრები, რედ.), არც მე და არც ჩემი ოჯახი“.

„თუ შესაბამის ანალიზებს გამიკეთებენ მანამდე, რატომაც არა“.

„თუ სათანადოდ მოგვაწვდიან ინფორმაციას, რა შემთხვევაშია სარისკო და ჩაგვიტარებენ კვლევას ჩვენი ორგანიზმი მიიღებს თუ არა ვაქცინას, კი, მაგრამ ვფიქრობ, ცხვრებივით, ინფორმაციის გარეშე უნდათ რომ აგვცრან და გადავრჩებით თუ არა, ვის ანაღვლებს?“

„არა!!! ვაქცინაციის პროპაგანდა ძალიან საეჭვოდ მიმდინარეობს“.

„ფაიზერით კი“.

„არ ვიცი, ბრმად ვერ ავიცრები“.

გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და აცრას გეგმავენ მეგობრები და მეზობლები, 80 წლის ზაირა ჩიტაძე და 74 წლის გულნარა გელაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში მცხოვრები ხანდაზმულები ადგილობრივ სამედიცინო ამბულატორიაში იმყოფებოდნენ და უბნის ექიმს უთხრეს, რომ ვაქცინაციისთვის მზად არიან.





როგორ მოიყრის თავს ვაქცინაციის მსურველი 10 ადამიანი და შემდეგ სად გაიკეთებენ აცრას, ხანდაზმულებმა ჯერ არ იციან.

ბორჯომში მცხოვრები მოსახლეობა ინდივიდუალურად უნდა დარეგისტრირდეს სპეციალურ ონლაინ პორტალზე, https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ ან დარეკოს ცხელ ხაზზე 15 22. აცრის მსურველებმა ტრანსპორტირებაც თავად უნდა უზრუნველყონ ყველაზე ახლომდებარე მრავალპროფილურ კლინიკამდე  ხაშურში, ახალქალაქსა თუ თბილისში.

დაბა წაღვერის უბნის ექიმი ნანა გრძელიძე დაბნეული მოსახლეობის დახმარებას ვაქცინციის მსურველთა ერთმანეთთან დაკავშირებით ცდილობს.

„ძირითადად ჩემთან მოდის წაღვერის მოსახლეობა. ზოგს დახმარება სჭირდება, რომ დარეგისტრირდეს და როგორც შემიძლია ვეხმარები. ვაკავშირებ ერთმანეთთან მათ, ვისაც აცრის გაკეთების სურვილი აქვს და მერე ერთად არკვევენ ტრანსპორტირების საკითხს, ჩვენგან ძირითადად ხაშურში მიდიან, უფრო ეახლოვებათ“, - ამბობს ნანა გრძელიძე.

ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში იმუნიზაცია კვირაში ოთხი დღის (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი) განმავლობაში მიმდინარეობს. დღეში ხან 10, ხან კი 20 ადამიანი იცრება. შესაბამისად, ერთი ან ორი ათდოზიანი ამპულა იხსნება. მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია დაიწყო, კლინიკაში  ორი დოზა გაანადგურეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი კახა ხელაძე განმარტავს, რომ ადმინისტრირების თვალსაზრისით სირთულეებია. მუდმივად სჭირდებათ კავშირი ასაცრელად დარეგისტრირებულ ადამიანებთან, რათა არ მოუხდეთ „ასე მამასისხლად“ შეძენილი ვაქცინის გადაღვრა.

„ხშირად, იმის გამო, რომ, მაგალითად, 10 დარეგისტრირებულიდან ყველა არ გამოცხადდა, გვიწევს რე-რეგისტრაცია და მოქალაქეებს იქვე, ადგილზე ვაძლევთ დროის ცვლილების საშუალებას. ჩვენი რეგისტრატორი ეხმარება. აი, მაგალითად ორი ამპულა გავხსენით და იმ დღეს დარეგისტრირებულია 22 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ 20 აიცრა და ორი ადამიანისთვის ვეღარ მოხდება ახალი, 10 დოზიანი ფლაკონის გახსნა, ამ შემთხვევაში ხდება იმ ორი ადამიანის გადარეგისტრირება შემდეგი ვაქცინაციის დღეს.  იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ადამიანი ბორჯომელია, მაშინ მათ ენიჭებათ უპირატესობა და ასე ხდება ამ საკითხების ადმინისტრირება“.

კახა ხელაძე ამბობს, რომ ხშირად, საკუთარ პერსონალს შიდა რეზერვად იყენებენ. თუ ერთ დღეს აცრის რვა მსურველია, მათ კლინიკის ორი თანამშრომელი ემატება და ასე ცდილობენ ვაქცინის გაფრთხილებას.

ჯანდაცვის სამინისტროსგან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან  ვერც ამ შემთხვევაშიგავიგეთ, აპირებენ თუ არა რეგიონებს აცრის პროცესის ადმინისტრირებაში დაეხმარონ და ასაკოვან ადამიანებს, ვისაც ვაქცინის გაკეთების სურვილი აქვს, საქმე გაუმარტივონ.

ბორჯომთან გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მდებარე ხაშურის სამედიცინო ცენტრში ვაქცინის არჩევა შეუძლებელია. იქ მხოლოდ ბრიტანულ-შვედური წარმოების „ასტრაზენეკა“ აქვთ. ამავე ინექციით მიმდინარეობს იმუნიზაცია ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში.

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრის მსურველები თბილისის კლინიკებში უნდა დარეგისტრირდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მარაგი ამოწურულია. მოსახლეობას არჩვეანის საშუალება რომც ჰქონდეს,  გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მათ ვაქცინების და ვაქცინაციის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ.




რა ვიცით საქართველოში შემოტანილი სამი ვაქცინის შესახებ

მიმდინარე წლის 12 აპრილის მონაცემებით საქართველოში სამი მწარმოებილის: ბრიტანულ-შვედური Oxford-AstraZeneca, აშშ/გერმანული Pfizer/BioNtech Biotech და ჩინური Sinopharm-ი გვაქვს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა „ნეო-ლაბის“ ხელმძღვანელი გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ მათ შორის არსებული განსხვავებები უნდა იცოდეს. რომელს მიანიჭებს უპირატესობას, თვითონ უნდა გადაწყვიტოს.

„ასტრაზენეკა, ეს არის ვირუსულ ვექტორზე, ანუ გადამტანზე დაფუძნებული ვაქცინა, რომლის შემთხვევაში ხდება ორგანიზმში  ვირუსის გენეტიკური მასალის შეყვანა, გამომუშავება ცილის, სპაიკ-პროტეინის და ორგანიზმი იმუნური პასუხის გაძლიერება“.

„ფაიზერი არის ე.წ Rnm ვაქცინა, რომელიც აქტიურად იწვევს ორგანიზმში ვირუსის ცილის, ე.წ სპაიკ-პროტეინის  გამომუშავებას და მის მიმართ ვითარდება იმუნური პასუხი და ორგანიზმიც სწავლობს ვირუსთან ბრძოლას“.

„სინოფარმი, ეს არის არა ახალი ტექნოლოგიით, ტრადიციული და გამოცდილი მეთოდით დამზადებული, დახოცილ ვირუსებზე აგებული  ვაქცინა. როგორც, მაგალითად, გრიპის ვაქცინა, რომელსაც დღესაც ფართოდ ვიყენებთ. ამ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ველოდებით აღიარებას ევროპის ან ამერიკის მარეგულირებლების მიერ, რის შემდეგაც დაიშვება საქართველოში მათი გამოყენება“.

„”ფაიზერი” ხასიათდება ყველაზე მაღალი ეფექტურობით, შემდეგ მოდის “ასტრაზენეკა” და ჩინური “სინოფარმი”“, - გვიხსნის გიორგი კამკამიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ სამივე ვაქცინა ეფექტურია ორგანიზმში იმუნური პასუხის გამომუშავებისთვის და ამ მხრივ არ არის ერთი-მეორეზე უპირატესი. სამივე ვაქცინა ორჯერ აცრას ითვალისწინებს, სხვადასხვა შუალედით.

ჩინური წარმოების ვაქცინით ამჟამად აცრა არ მიმდინარეობს.



რეკომენდაციები ვაქცინაციამდე და აცრის შემდეგ


ვაქცინაციამდე მოსამზადებლად, კონკრეტული, უნივარსალური რეკომენდაციები არ არსებობს. თუ პაციენტი არის ალერგიული, ან აქვს ანაფილაქსიური შოკის გამოცდილება, შეიძლება ექიმის მიერ დაიგეგმოს წინასწარი მომზადება.


ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თუ ვითარდება ალერგიული რეაქცია, უმრავლეს შემთხვევაში ეს ხდება ორგანიზმში მედიკამენტის შესვლიდან 30 წუთის განმავლობაში.


„ქავილის შეგრძნება სხეულზე, წამოხურება, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის შემცირება, სუნთქვის გაძნელება, ენის შეშუპება, ხმის შეცვლა, ჩახლეჩა -ეს არის ალერგიული რეაქციის ძირითადი, პირველადი ნიშნები“, - გვიხსნის გიორგი კამკამიძე.

ანაფილაქსიური რეაქციის სამართავად ამჟამად ყველა ის კლინიკაა მომზადებული, სადაც აცრა კეთდება.


რეაქცია იშვიათ შემთხვევებში ვლინდება 30 წუთის შემდეგ. საყურადღებოა მომდევნო 48 საათი. მოგვიანებითი რეაქცია არ ხასიათდება სწრაფი, ელვისებური განვითარებით და პაციენტს აქვს დრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად, ან სამედიცინო დაწესებულებაში მისასვლელად.


თუ პირველი დოზის შემთხვევაში გამოიხატა ალერგიული რეაქცია, კატეგორიულად დაუშვებელია მეორედ აცრა.

ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

„ვაქცინაცია მძიმე და გარდაცვალების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეპიდემიოლოგიური ზემოქმედების და გავრცელების თვალსაზრისითაც  მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს. რა თქმა უნდა, მთლიანად არ გამორიცხავს ვაქცინაცია, რომ ადამიანს არ დაემართება ვირუსი და არ გადასცემს სხვას, მაგრამ  თუ გვინდა, რომ გაიხსნას ქვეყანა, მოსახლეობის 60%-მდე უნდა იყოს იმუნიზირებული“, - ამბობს გიორგი კამკამიძე.



***

თუ გავითვალისწინებთ, რომ  2021 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოში 3 718 400 ადამიანი ცხოვრობს,  მინიმუმ 2 231 040 მოქალაქე უნდა აიცრას. 13 აპრილის მაჩვენებლის მიხედვით, ვაქცინა 22 090 გაიკეთა.

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვრცელდება ახლობლების მიერ მიერ ატვირთული ფოტოები წარწერებით „აიცრა“, „ყოჩაღი გოგოა/ბიჭია“, „ის აიცრა, აიცერი შენც“, „პანდემიის დასასრულის დასაწყისი“.

საქართველო პანდემიის დასასრულისკენ ძალიან ნელი ტემპით მიდის. პატარა ქალაქებიდან ვაქცინის გატანით, მთავრობამ პროცესი კიდევ უფრო შეაფერხა. ამ ფონზე კი, კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა ძალას იკრებს.



Print