ინტერაქტიული მულტიმედია
როცა სახელმწიფო რიცხვებშიც ვერ გხედავს - უკეთესი მომავლის ძიებაში დაკარგული მიგრანტები

აქ უნდა იყოს სტატისტიკა: საქართველოს დღეს ამდენი (რიცხვი) შრომითი მიგრანტი ჰყავს, თუმცა ეს მონაცემი ოფიციალურად არ არსებობს.

სამუშაოს საძებრად მიდიან არალეგალურად, რჩებიან არალეგალურად, არ აქვთ არანაირი უფლებები და ხშირად, უცხო ქვეყანაში ქუჩაშიც ვერ გადიან დეპორტაციის შიშით. საქართველოში ყველას ჰყავს ნათესავი, მეზობელი, ახლობელი, ახლობლის ახლობელი, რომელიც უცხოეთში წავიდა, მუშაობს და სამშობლოში წლების განმავლობაში ინახავს ოჯახს. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. უბრალოდ, მათ სახელმწიფო ვერ ითვლის. სახელმწიფო ხედავს და აღრიცხავს ლეგალურად გასულებს და არც ასეთები არიან ცოტანი. თუმცა, ეს მონაცემები რეალობას ვერ გიჩვენებთ.

 

დავიწყოთ მოკლე განმარტებით: შრომითი მიგრაცია ნიშნავს დასაქმების მიზნით გადაადგილებას. ტელეკომპანია ბორჯომი გიამბობთ ვინ, რატომ, როგორ მიდის საქართველოდან და რა გავლენას ახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

შრომითი მიგრაცია საქართველოს გამოწვევად გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იქცა. ამ ხნის განმავლობაში,  წლიდან-წლამდე მდგომარეობა მძიმდება. მიდიან და უკან იშვიათად ბრუნდებიან.

საქართველოს მოქალაქეებს შეხვდებით ყველა ქვეყნის შრომით ბაზარზე.

თუმცა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმებაზე  რთული, „საოცნებო“ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაა. კორონავირუსის პანდემიამ შრომითი მიგრანტების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.



ვინ
არიან შრომითი მიგრანტები და როგორ ხვდებიან ისინი უცხოეთში

(საკუთარი ისტორიის გაზიარებას გმირები ვინაობის იდენტიფიცირების გარეშე დაგვთანხმდნენ)

ბორჯომში მცხოვრები 37 წლის მაიას მიგრაციის ისტორია სამ წელს ითვლის. ამჯერად გერმანიაში სამუშაოდ წასვლას ახალი სქემით ცდილობს.  ამ გზას ის ყოველ ექვს თვეში თავიდან გადის. თავიდან უწევს ემოციური სირთულის დაძლევაც. მაშინ როცა გერმანიაში ყოველი გამგზავრების წინ საკუთარი შვილები სახლში დარჩენას სთხოვენ, მან სრულიად უცხო ოჯახზე და სხვის შვილებზე უნდა იზრუნოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, გერმანული ენის არაერთი სასწავლო კურსი, ათობით უარი საჯარო სკოლებიდან და გახანგრძლივებული სწავლების პედაგოგის 220 ლარიანი ხელფასი მაიას დასაქმების ისტორიაა საქართველოში.

ამას მოჰყვა ძალიან რთული, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება შრომითი მიგრაციის შესახებ.

პოლონურმა სააგენტომ ის სამთვიანი ინტერვალით, გერმანიაში ოჯახში დაასაქმა. სამუშაოდ უკვე ოთხჯერ იყო წასული.  გერმანიის საზღვარს ტურისტის სტატუსით კვეთს. 2020 წლის ოქტომბრიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, გერმანიამ  ტურისტების შესვლა შეზღუდა. მარშრუტიც შეიცვალა.  ახლა, პოლონური მოწვევით, პოლონეთში უნდა ჩავიდეს. იქ შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებენ და როგორც პოლონეთში დასაქმებულს, ბიურო გერმანიაში მივლინებით გადაიყვანს.   ამ მარშრუტით ჯერ არ უსარგებლია და ნერვიულობს.

მიუხედავად იმისა, რომ სამი წელია შრომითი მიგრანტია, დღემდე არ იცის, აქვს თუ არა დაზღვევა, რა უფლებებით სარგებლობს და არის თუ არა კანონთან შესაბამისობაში მისი მუშაობა გერმანულ ოჯახში. ამ საკითხებზე დამსაქმებელი დასაქმებულებთან არ საუბრობს.

გვეუბნებიან, რომ დაზღვევა გვაქვს, მაგრამ რა და როგორ, დეტალურად არ ვიცით. თავიდან რომ ჩავედი, ემოციურ ფონზე წნევა მქონდა. აფთიაქში მივედი და ფარმაცევტს ვეხვეწებოდი წნევის წამალი მოეყიდა, მაგრამ ურეცეპტოდ და ექიმის დანიშნულების გარეშე არცერთმა აფთიაქმა არ მომცა. მერე უფრო ცუდად რომ გავხდი, იმ ოჯახმა, სადაც დასაქმებული ვიყავი, დარეკა სამედიცინო დაწესებულებაში. იქ უთხრეს, თუ ექიმის კონსულტაცია დასჭირდება თანხა ან ოჯახმა ან თვითონ დასაქმებულმა უნდა გადაიხადოსო და აქ მივხვდი, რომ არანაირი დაზღვევით არ ვსარგებლობდი“.

მაია დამსაქმებელ პოლონურ ბიუროს, ანაზღაურების თითქმის ნახევარს უხდის.

თუ ოჯახი დასაქმებულს 2500 ევროს უხდის, ბიურო 1000 ევროს მაინც იტოვებს ყოველთვიურად. აბა, ტყუილად ვინ დაგასაქმებს და ვინ იზრუნებს შენზე, თუ სარგებელი არ ნახა“.

ყველაზე მეტად მაინც შვილებთან განშორება უჭირს. ოჯახის მონატრება და სტრესი, რომ მიმღებ ოჯახში ყველაფერი იდეალურად გააკეთოს, მას ჯანმრთელობის ფასად უჯდება.

ყოველი განშორებისას მეუბნებიან, არ გვინდა დედა ფული, ოღონდ შენ იყავი ჩვენთანო. არადა საქართველოს ემიგრანტების წყალობით უდგას სული“.

მაიამ არ ისურვა იმ სააგენტოს დასახელება, რომელიც მას დასაქმებაში ეხმარება. მსგავსი ბიურო ინტერნეტში მოვძებნეთ. კომპანიების ნაწილი ადგილობრივი აღმოჩნდა, ნაწილი კი უცხოურის წარმომადგენლობა.  აქვთ გვერდები სოციალურ ქსელებში, სადაც მითითებულია დასაქმების ქვეყანა, იქვეა საკონტაქტო ინფორმაციაც.

იმის გასარკვევად, თუ რას სთავაზობენ სააგენტოები უცხოეთში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რამდენიმე ბიუროსთან დაკავშირება ვცადეთ. ერთის ნომერი გამორთულია, მეორეს ფეისბუქ გვერდზე ბოლოს ინფორმაცია 2018 წელს არის განახლებული. ერთ-ერთ ვებგვერდზე კი განცხადება  ევროპის რამდენიმე ქვეყანაში  დასაქმების მსურველებისთვის 2021 წლის მარტშია გამოქვეყნებული.  ქართული სააგენტოს მითითებულ ნომერზე ოპერატორი გვპასუხობს, რომ მოქალაქეებს ლეგალურად ასაქმებენ.

გერმანიაში გვაქვს ამ ეტაპზე ქალბატონებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ექთნებისთვის, უნდა იცოდნენ გერმანული ენა, პოლონეთში კი ქარხანა-ფაბრიკებში მაქვს ადგილები“.

დაზღვევისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ოპერატორი გვპასუხობს, რომ დაზღვევა ყველას აქვს და ამაზე დამსაქმებელია პასუხისმგებელი. არც ვიზა გაიცემა თუ დაზღვევა არ ექნება დასაქმების მსურველს.

ფაქტობრივად, ორმაგი დაზღვევა აქვთ ამ ადამიანებს“, - ამბობს ოპერატორი და ჩვენი ვინაობით ინტერესდება. როცა იგებს, რომ ჟურნალისტს ესაუბრება, კითხვებზე აღარ გვპასუხობს, სხვა სააგენტოებთან გვამისამართებს და არც ვინაობას გვიმხელს.

სამუშაოს მაძიებლები ყოველთვის ევროპას არ ირჩევენ. მამუკა 29 წლის იყო, როცა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოდან წასვლა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა. გამოუვალი მდგომარეობა მქონდა, ბევრი ვალი დამედო, ერთს ვფარავდი და მეორეს ვამატებდი. საშიშროება გაჩნდა, რომ სახლი გამეყიდა. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ახლობელმა ისრაელში წასვლა შემომთავაზა

მამუკასთვის მაშინ მთავარი ვალების გასტუმრება იყო. წასასვლელად დამატებით  3500 დოლარი ისესხა. გზა ისრაელამდე ეგვიპტეზე გადიოდა. უდაბნოს გავლით, ისრაელის საზღვრამდე მისვლა დიდ რისკს უკავშირდებოდა. სქემა ასეთი იყო: კერძო პირს, ვისაც თანხა გადაუხადა, ჯერ ეგვიპტეში უნდა ჩაეყვანა, შემდეგ კი, ერთდღიანი ტურით,  ისრაელში შეეყვანა.

უკვე ეგვიპტეში ჩასულებს გვითხრეს, რომ ერთდღიან ტურებზე აღარ დაიშვებოდნენ ქართველები, უკრაინელები და მოლდოველები. უკან ვეღარ დავბრუნდებოდი და ორი თვე წითელი ზღვის სანაპიროზე, არაბების ბუნგალოს ტიპის ღია საცხოვრებელში ვათევდით ღამეს. იქაც დამატებით ვალები დავიდე, ელემენტარულად კვება ხომ მჭირდებოდა და ბოლოს საზღვარზე გადავიპარეთ. ეგვიპტე ისრაელის საზღვართან, ეგვიპტის მხარეს კაზინო იყო, სადაც ებრაელები გადმოდიოდნენ სათამაშოდ (ისრაელში აზარტული თამაშები კანონით აკრძალულია, რედ.) მათ ჰქონდათ უკან გადასასვლელი ბეჭდიანი ბილეთები, ფული გადავუხადეთ და მათი ბილეთებით გადავკვეთეთ საზღვარი. ათამდე ადამიანი შევედით ასე და ჩვენს შემდეგ უკვე სხვები დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს“.

მამუკა ამბობს, რომ კიდევ სხვა, სიცოცხლისთვის დიდი რისკის შემცველი სქემაც მუშაობდა. ბედუინები ისრაელის მესაზღვრეებს ცეცხლს უხსნიდნენ, ისინიც სროლით პასუხობდნენ და სწორედ ამ დროს კვეთდნენ საზღვარს არალეგალები.

ისრაელში, დეპორტაციის მუდმივ შიშში შვიდი წელი გაატარა.   მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა, ცლიდა დატვირთულ ვაგონებს და კონტეინერებს. ბოლოს დააკავეს, ერთი კვირით  საპყრობილეში ჩასვეს და საქართველოში დააბრუნეს. მამუკამ მხოლოდ ვალების გასტუმრება მოახერხა.

ქვეყნის საზღვრის არალეგალურად კვეთის მსგავსი ისტორია ბევრს აქვს, განსაკუთრებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე. ზოგი ავტობუსის საბარგულში, კონტეინერში იმალებოდა, ზოგი ტყე-ტყე, მესაზღვრის ტყვიის მოხვედრის შიშით გადადიოდა. ამ რისკზე ემიგრანტები ოჯახებისთვის სარჩოს მოსაპოვებლად მიდიან.

გერმანია - დასაქმების ახალი, ლეგალური შანსი

პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღარიბებულ და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას, ხელისუფლებამ თავად შესთავაზა უცხოეთში დასაქმების ახალი სქემა.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო.  სოფლის მეურნეობის სექტორში ლეგალურად დასაქმების 95 000-მდე მსურველმა სააპლიკაციო ფორმა უკვე შეავსო. პირველი ნაკადი საქმეს  აპრილიდან შეუდგება.

პასპორტი, სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით, ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) და PCR ტესტის გაკეთება სამუშაოს მაძიებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს. მინიმალურ ხელფასს, 9,5 ევროს საათში, გადასახადები (საშემოსავლო 5%) აკლდება. შესაძლოა, ამ თანხიდან დაიფაროს კვებისა და  ცხოვრების ხარჯიც. არც თუ სახარბიელო პირობების  მიუხედავად, წასვლის მსურველი ძალიან ბევრია, ვაკანტური ადგილი - ცოტა.

53 წლის ეკატერინე გელაშვილი ერთ-ერთია, ვინც აპლიკაციის ფორმა შეავსო.

დედაჩემის, 90 წლის ქალის პენსიაზე ვართ, მრცხვენია, რომ ვამბობ. სულ თვალებში ვუყურებ, ცუდად რომ ხდება მეშინია არაფერი მოუვიდეს, გეფიცებით ულუკმაპუროდ დავრჩებით. აქამდე ბაკურიანში სასტუმროებს ვალაგებდი, ამ პანდემიის გამო დაკეტეს და შემოსავლის გარეშე დავრჩი, ვეღარც კომუნალურები გადავიხადე და ახლა ვალს კიდევ ვალს ვამატებ“, - გვიყვება სოფელ ცემში მცხოვრები ეკატერინე გელაშვილი. მან იცის, რომ თუ აარჩევენ, მძიმე ფიზიკური შრომა ელის, თუმცა, ამას არ უფრთხის.

კი იძახიან, რომ ბევრს დაგიკავებენ, ბევრი ფული შეიჭმებაო, 500 ევროს ხომ მაინც ჩამოვიტან. ჩემთვის ესეც კარგი ფულია. ოჯახიდან მარტო მე შევავსე და იმედი მაქვს, ვალების ნახევარს მაინც გავისტუმრებ“.

ეკატერინეს მსგავსად, სამცხე-ჯავახეთიდან, გერმანიაში დასაქმების 3 821  მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 624  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მკვიდრია,  114 ქალი და 510 კაცი.

ამ დროისთვის გერმანიიდან საქართველოში 350 ვაკანსიაა შემოსული. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე ლეგალური დროებითი დასაქმების სქემა კი ახალ კანდიდატების შერჩევის ეტაპზე გადავიდა. ასევე ცნობილია, რომ თითოეული ვაკანსია სამთვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. შერჩეული კანდიდატების მცირე ნაწილი გერმანიაში აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაემგზავროს, უმეტესი ნაწილი ივნისში, ივლისში და ოქტომბერშიც“ - ასეთია ტელეკომპანია „ბორჯომის“ კითხვებზე დასაქმების სააგენტოს წერილობითი პასუხი.

პირველ ეტაპზე კანდიდატები აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შეარჩიეს. მომდევნო ჯერზე, გერმანიაში სამუშაოდ, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მცხოვრებლები წავლენ.

კანდიდატების შერჩევის პროცესისას, თავდაპირველად ყურადღება რეგიონებზე იმის გათვალისწინებით შეჩერდა, რომ რეგიონის მკვიდრებს საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების გამოცდილება აქვთ“, - გვპასუხობენ სააგენტოში.

ის ადამიანები, რომლებასაც გერმანიაში დასაქმებისთვის შეარჩევენ, შრომითი მიგრანტების სტატისტიკაში, სავარაუდოდ, ვერ მოხვდებიან. მონაცემები ვერ ასახავს კიდევ არაერთ ქვეყანაში, დროებით დასაქმებულ ადამიანებს. შრომით მიგრანტად ის პირი მიიჩნევა, ვინც უცხოეთში სამ თვეზე მეტი დროით საქმდება.


ემიგრაცია
სტატისტიკაში

საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 3 716 900  ადამიანი ცხოვრობს.

უმუშევრობის დონე ქვეყანაში 2020 წლის ბოლოს  20,4 %-მდე გაიზარდა.

დაუსაქმებელი ადამიანების ოფიციალური რაოდენობა პანდემიური წლის ბოლო კვარტალში, წინასთან შედარებით, 307 800 მოქალაქით მეტია.



უმუშევრობა, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება,  აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც ადასტურებს. ორგანიზაციამ, 2020 წელს, საქართველოში მოსახლეობა ორჯერ გამოკითხა.

თუ უმუშევრობას აგვისტოში  მთავარ გამოწვევად რესპონდენტთა 59% ასახელებდა, დეკემბერში ეს რიცხვი 67%-მდე გაიზარდა. ცვლილება, სავარაუდოდ, პანდემიას უკავშირდება.

2020 წელს, ჩაკეტილი საზღვრებისა და  გადაადგილების შეზღუდული უფლების გამო, მინიმუმამდე შემცირდა საქართველოს მოქალაქეების მიერ, საზღვრის კვეთის სტატისტიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმების შანსი უცხოეთშიც დაკარგეს.




შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საზღვრის კვეთის სტატისტიკა  მიგრაციის სრულ სურათს არ ასახავს. მონაცემები არ გულისხმობს სამი თვით გასვლა-შემოსვლის მაჩვენებელს. ამ ფორმით სამუშაოზე წასული კი ბევრია.

პანდემიური პერიოდის მიგრაციის  სრული მონაცემების გამოქვეყნებას საქსტატი მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გეგმავს. ამჟამად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგალური მიგრაცია გაიზარდა.  თუ 2015 წელს ქვეყანა 95 000-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, 2019 წელს ეს რიცხვი 105 000-ია.

რამდენი ლეგალური თუ არალეგალური მიგრანტი ჰყავს საქართველოს? - ამ კითხვაზე პასუხი არც ერთ უწყებას არ აქვს. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ვერც შრომითი მიგრანტების რაოდენობას ითვლის.

ქვეყანაში არსებული ადმინისტრაციული მონაცემები არ იძლევა საშუალებას განხორციელდეს მიგრანტების კატეგორიზაცია (გამოყოფა) შრომითი მიგრანტების სტატუსის და ქვეყანაში ყოფნის ლეგალური სტატუსის მიხედვით“, - წერია საქსტატის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ტელეკომპანია „ბორჯომისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთში ცხოვრობდა. 2019-ში ვითარება შეიცვალა და მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთა. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა ვიზიტები შენგენის ქვეყნებში.

ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება, - წერია ანგარიშში

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ,  ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა განცხადებების 95% შესაბამისმა სამსახურმა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მიზეზით. როგორ შეიცვალა ვითარება პანდემიის პერიოდში, უცნობია. ამაზე კვლევა არც ერთ ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია.

ფულადი გზავნილები და ქვეყნის ეკონომიკა

ემიგრანტების ფულად გზავნილებს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წილი უჭირავს.  უცხოეთიდან ახლობლების რჩენა არა მხოლოდ ცალკეულ ოჯახზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.

მოლოდინი, რომ გზავნილების ოდენობა კორონავირუსის გავრცელების გამო შემცირდებოდა, არ გამართლდა. გადმორიცხვებმა მხოლოდ ერთხელ, პანდემიის გამოცხადებიდან მალევე, 2020 წლის აპრილში იკლო.








ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 19,2 % გაიზარდა და 493,8 მილიონი ლარი შეადგინა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე დიდი ოდენობის ფულადი  გზავნილი 2020 წლის დეკემბერში შემოვიდა - 199, 7 დოლარი.

2020 წელს, გადმორიცხვების მიხედვით, რუსეთმა პირველად დაკარგა ლიდერის პოზიცია. ფულადი ნაკადი 2019 წელთან  შედარებით, 11%-ით შემცირდა.

სამაგიეროდ, გასული წლის იანვართან შედარებით, ევროკავშირიდან გადმორიცხვა 26%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი, 27 მილიონიანი ფულადი გზავნილი  იტალიიდან შემოვიდა. რუსეთიდან კი 23 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

ძირითადად, რუსეთში მუშაობით არჩენს ოჯახს ბორჯომის მაღალმთიან ზონაში მცხოვრები  სოფლის მოსახლეობა. ტაბაწყური, მოლითი, ჭიხარულა ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. იმის გამო, რომ ადგილზე ვერ საქმდებიან, სოფელში მცხოვრები შრომისუნარიანი კაცები ოჯახებს ტოვებენ და სამუშაოდ მეზობელ ქვეყანაში მიდიან.

სოფლის ხალხი საზღვარგარეთ მუშაობს ან აქ მიწაზე მუშაობენ. ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ჯერ სომხეთში მიდიან და შემდეგ რუსეთში. იქ ცხოვრობენ და მუშაობენ სულ. აქ, სოფელში იშვიათად ჩამოდიან“, - გვიყვება ტაბაწყურში მცხოვრები ონიკ სანდაძე

„2013 წლიდან დავდიოდი მოსკოვში. ოჯახსაც კარგად ვარჩენდი, ვცხოვრობდით, რაა. ახლა უკვე ვეღარ გავდივართ. დაგვიკეტეს გზები. 10-11 თვით მივდიოდი, იქ ვცხოვრობდი ასე გამოდიოდა. მთავარია რომ ჩემ ოჯახს ჩემი ფიზიკური შრომით ვარჩენდი, იქ ძირითადად მშენებლობებზე ვმუშაობდი. ახლა რა გამოვიდა? ერთ წელზე მეტია აქ ვარ უმუშევარი. ახლა ამბობენ იხსნებაო (საზღვარი, რედ.) და წავალ ისევ, მეც და მთელი სოფლის ახალგაზრდობაც, - ამბობს რუდიკ ხაჩატურიანი  ტაბაწყურიდან.

2020 წელს ბორჯომის მაღალმთიანი სოფლებიდან კაცები სამუშაოდ ვეღარ წავიდნენ. საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად, მოსახლეობას სახმელეთო საზღვრის გახსნის იმედიც გაუჩნდა. თუმცა, მგზავრობის საფასურის გაზრდა, მთელი წლის განმავლობაში უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ახალ დაბრკოლებად იქცეს.

სახელმწიფოს როლი დასაქმების საკითხში

ქვეყანაში არსებულ ნომერ პირველ გამოწვევას, - უმუშევრობას, მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ამოქმედებით პასუხობს.  წელიწადში 4 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციამ მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge- დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა - ასე წარუდგინეს ახალი სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები ერთი წლის წინ საზოგადოებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოროს მაღალჩინოსნებმა.

სააგენტოს ამოქმედებას მსოფლიოში პანდემიის გამოცხადება დაემთხვა.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, რამდენად შეძლო სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში მიზნების მიღწევა. წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ 2020 წელს, შრომის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლებულ პორტალზე http://worknet.gov.ge/ დარეგისტრირებული სამუშაოს 33 693 მაძიებლიდან სააგენტომ 908 ადამიანის დასაქმება შეძლო. სულ სისტემაში დასაქმების მსურველი 343 029 პირი ირიცხება. გამოდის, რომ სააგენტოს მეშვეობით სამუშაოს მაძიებელთა მხოლოდ 0,26% დაკმაყოფილდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პორტალზე დარეგისტრირებულთა უმეტესობა - 188 285 ქალია.

სააგენტოს ვკითხეთ, აქვს თუ არა რაიმე გეგმა მიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პასუხად, მთავრობის ახალ ინიციატივაზე მიგვითითეს.

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, - ნათქვამია წერილში

სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა სახელმწიფოსგან სხვაგვარად წარმოუდგენიათ თავად ემიგრანტებს. მათთვის 4000 ლარიან გრანტზე მეტად, პერსპექტივა და სამუშაო ადგილები ფასობს.

მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ დავსაქმდეთ საქართველოში. ვეხმაურებით საჯარო სექტორში არსებულ ვაკანსიებს, თუმცა ჯერჯერობით დიდი ყურადღება ჩვენი მისამართით არ არის. უფრო კერძო სექტორი ინტერესდება და მე ცოტა ხნის წინ, მოწვეული ლექტორის სტატუსით ამიყვანა სამსახურში საქართველოს უნივერსიტეტმა თბილისში. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაიზაროს ის, თუ რაოდენ დიდი დანაკარგია ემიგრაციაში გაჩენილი და დაზრდილი ახალგაზრდების ნაკადი საქართველოსთვის. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს მათი პროფესიული რესურსის მოძიება და გამოყენება, სხვაგვარად ჩვენ მხოლოდ მივდივართ და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს“, - ამბობს ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე.

დიანა  საფრანგეთში 15 წლის წინ, ხაშურიდან წავიდა. იქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად დამკვიდრდა. საქართველოში დაბრუნებაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

როდესაც ემიგრაციის დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორმხრივი პროცესია. ვერც ერთი ადამიანი ვერ დაბრუნდება, თუ მას რაღაც არ ეგულება ელემენტარული ადამიანური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ყველას არ შეგვიძლია მანდ ჩამოვიდეთ და ახალი ბიზნესი წამოვიწყოთ, ამიტომ, როდესაც ჩვენ რაიმე ქართულ ვაკანსიებს ვეხმაურებით აქედან, ყველა სექტორმა უნდა აიღოს პატრიოტული ვალდებულება გარკვეულწილად, რომ თავის დასაქმებულთა რიგებში ერთი ემიგრანტიც გაურიოს დროდადრო და მისცეს საშუალება სამშობლოში დაბრუნების. ჩვენ არავის არ ვეცილებით სამუშაო ადგილებს.“

„დაკარგულები“ მეორე თაობის ემიგრანტების ამბავს გვიყვება. ფილმიდან ნათელი ხდება, რომ უცხოეთში გაზრდილი და დაბადებული თაობა საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. მიზეზი კი ის უპერსპექტივობაა, რასაც ახალგაზრდები სამშობლოში ხედავენ. 

ფილმი გადავიღე იმის გასააზრებლად, რომ თუ ჩვენ მივდივართ ემიგრაციაში, უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ჩვენი შვილები, დიდი ალბათობით, აღარასდროს დაბრუნდებიან და იმ ილუზიით არ ვიცხოვროთ, აქაოდა, ქართველ მამულიშვილებს ვზრდით ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ რეალურად ვზრდით წარმოშობით ქართველ ფრანგებს, ინგლისელებს, გერმანელებს, რუსებს და .“.

პერსპექტივა, რომელსაც სამშობლოში ვერ ხედავს ემიგრანტთა მეორე თაობა, ვერ ხედავდნენ 90-იან წლებშიც. უმუშევრობა, მიზერული ხელფასები, პროფესიული ზრდის შესაძლებლობის არქონა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი გახდა „ტვინების გადინების“ მიზეზი 90-იან წლებში. ამას ბევრი ინსტიტუციის ჩამოშლა და სამეცნიერო ბაზების ნაწილის განადგურება მოჰყვა.

დღეს არავინ სწავლობს, რა შედეგი მოაქვს მიგრაციას საქართველოსთვის. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხის კვლევით დაკავებულები არ არიან და შესაბამისად, ვერც ექსპერტულ შეფასებას აკეთებენ. მოძველებულია საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც.

საზღვრის კვეთის მონაცემები, სავარაუდოდ, გულისხმობს არა მხოლოდ დასაქმების მიზნით, არამედ სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებსაც. მათი დაბრუნების პერსპექტივაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც შრომითი მიგრანტების. პანდემია ვითარებას ართულებს. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მკვეთრად დამძიმებული სოციალური მდგომარეობა. სახელმწიფომ მაშველ რგოლად გერმანიაში დასაქმება გამოიყენა, თუმცა, ეს ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობის პრობლემას ვერ აგვარებს. მაიას და მამუკას მსგავსად, შემოვლითი გზების მოძებნას ბევრი ცდილობს.

მიგრაციას მოაქვს სხვა სირთულეებიც - დანგრეული ოჯახები, მშობლების გარეშე გაზრდილი ბავშვები, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა მათზე, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. დაკარგული ემიგრანტების გზავნილები დღეს ყველა პრობლემას წონის.

 

 

Print