ინტერაქტიული მულტიმედია
ზამთრის სეზონი ტურისტების გარეშე ბორჯომსა და ბაკურიანში
ბორჯომში, სადაც დაახლოებით ორმოცი საოჯახო, ორი ქსელური და რამდენიმე დიდი სასტუმროა, დღეს მხოლოდ „ქრაუნ პლაზა“ და „ბორჯომი ლიკანი“ მუშაობს. ბორჯომი და ბაკურიანი, სადაც 2019 წელს 195 000 ტურისტი იყო, მათ შორის 40% უცხოელი, დღეს თითქმის ცარიელია. კორონავირუსისი პანდემიამ სასტუმრო ბიზნესს მძიმედ დაარტყა. ამ სფეროში დასაქმებულმა უამრავმა ადამიანმა სამსახური დროებით ან სრულად დაკარგა.



ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასი“ გახსნის დღიდან, 2013 წლიდან, პანდემიამდე, წელიწადის ყველა სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობდა. ვიზიტორები ძირითადად შუა აზიიდან იყვნენ. კრიზისული პერიოდი არ ახსოვთ. პირიქით, დასვენებას ვერ ახერხებდნენ.

„სასტუმროში ყოფნისას ვერ ვხვდებოდით წლის რომელი სეზონი იყო. გარეთ რომ გამოხვიდოდი მაშინ ხვდებოდი ზამთარი იყო თუ შემოდგომა, იმდენად ბევრი ხალხი გვყავდა“, - ამბობს სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი თემურ გელაშვილი.

სასტუმროს სამი კორპუსი და 176 ნომერი ამჯერად დაკეტილია. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისთანავე, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და სანამ საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდებოდა, 2020 წლის მარტში შეაჩერა მუშაობა. მარტის ხელფასი სრულად გასცეს. შემდეგ კი თანამშრომლები, ხელშეკრულების საფუძველზე, უხელფასო შვებულებებში გაუშვეს.

1 ივლისს მუშაობა სამი თვით ისევ განაახლეს. თანამშრომლების 50% სამსახურში დააბრუნეს. 1 ოქტომბრიდან მხოლოდ სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი ამუშავდა. მომხმარებლები ამჯერად ქართველები არიან.

ამ პერიოდში, თანამშრომლების ნაწილმა სხვაგან დასაქმება შესძლო. ნაწილი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ, 200 ლარიან დახმარებას იღებს, ექვსი თვის განმავლობაში.

გადაწყვიტეს 1 თებერვალს სასტუმრო გახსნან. ჯავშნები უკვე აქვთ. თანამშრომლების 60% საქმეს შეუდგება. დანარჩენების დაბრუნება ეტაპობრივად იგეგმება.

როგორც თემურ გელაშვილი ამბობს, ამჯერადაც იმავე გეგმით იმუშავებენ, რაც პანდემიამდე ჰქონდათ. წინასწარ არაფერს ამბობენ, რადგან არ იციან რა იქნება. ოქტომბრიდან მომხმარებლების მოსაზიდად ფასები შეცვალეს და მთლიანად ქართულ ბაზარზე გადაეწყვნენ.

„ბიზნესი ვერ გადარჩა. ტურიზმის ბიზნესი კრიზისულ მდგომარეობაშია. ქართველი მომხმარებელი არ არის. სტუმარზე მეტი სასტუმროა ბორჯომშიც და მთელ საქართველოში. კონკურენციაც დიდია. ის პერიოდი დაკარგულია, ვეღარ მოხდება მისი ანაზრაურება, მაგრამ ახალი ფურცლიდან თუ დავიწყებთ თებერვალში, წლის ბოლომდე, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

პანდემიამ სიფრთხილე და დისტანციის დაცვა ასწავლათ. იმედი აქვთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და წლის ბოლოდან მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. თემურ გელაშვილი გამოსავალს ვაქცინაციასა და ფრენების გახსნაში ხედავს, ასევე შეღავათებში.

“მე ვფიქრობ, შემდეგშიც კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდან სასტუმრო ბიზნესში მყოფებს ექნებათ შეღავათი, თუნდაც საშემოსავლო გადასახადით, თუნდაც ქონების გადასახადით და თუნდაც სესხების სუბსიდირების. რადგან თითქმის ყველა სასტუმროს სესხი აქვს”.

ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ის შეღავათია, რითიც „ბორჯომი პალასის“ მფლობელმა ისარგებლა. ანტიკრიზისული გეგმა სხვა დახმარებასაც ითავლისწინებს, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის 2020 წლის ბოლომდე გადავადებას, სესხის პროცენტის სუბსიდირებას, თუმცა, ბევრს ვერც ამ შეღავათებმა შეუმსუბუქა საქმე.





დაწესებული შეღავათებით ნაწილობრივ ისარგებლა ბიჭიკო გამრეკელმა. კრედიტით შეძენილი სახლი საკუთარი ხელით, მეგობრების დახმარებით გაარემონტა და საოჯახო სასტუმროდ აქცია. ყიდვიდან ოთხ თვეში პირველი სტუმარი მიიღო. წარმატებული საოჯახო ბიზნესი, პანდემიის წყალობით, წარუმატებელი გახდა. სესხი მძიმედ დააწვა, თუმცა, გადავადების პირობები რომ გაარკვია, აღმოაჩინა, რომ „შეღავათით“ გადასახადი მეტი გამოსდიოდა. ამიტომ, შეტავაზებით ვეღარ ისარგებლა. როცა მუშაობის უფლება ჰქონდა, სახლს შეღავათიან ფასად აქირავებდა. ძველი ღირებულების გადახდას ვერც სტუმრები ახერხებენ. ხარჯი კი დიდია. ამის გამო, ბიჭიკო ვერც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათით სარგებლობს.

საოჯახო სასტუმროს მფლობელი ფიქრობს, რომ სასტუმრო ბიზნესის გადასარჩენად საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს. განვითარდეს შიდა ტურიზმი, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, გაიხსნას საზღვერები ისე, რომ არ დაზარალდეს ხალხი და სახელმწიფო.





ბიჭიკო გამრეკელის მსგავსად, ბორჯომში მოსახლეობის დიდი ნაწილი სასტუმრო ბიზნესით და ბინების გაქირავებით ირჩენდა თავს. ახლა ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოსახლეობამ საკუთარი სახლები საოჯახო სასტუმროდ საბანკო კრედიტით გადააკეთა. ახლა თავიც ძლივს გააქვთ და სესხის გადახდასაც ვერ ახერხებენ.

სასტუმრო ბიზნესის დახმარების კიდევ ერთი სამთავრობო გეგმა სასტუმროების საკარანტინო ზონებად გადაკეთება იყო. საქართველოს მთავრობის ინიციატივით პროცესი 2020 წლის 10 მარტიდან დაიწყო. სამცხე-ჯავახეთში ცხრა საკარანტინო სივრცე მოეწყო, აქედან ხუთი დაბა ბაკურიანში.





სასტუმრო „კრისტალი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ პროგრამაში და 15 დეკემბრამდე იმუშავა. ამჟამად დაკეტილია. სასტუმროს მენეჯერი გიგა დიდბარიძე ამბობს, რომ: „ეს იყო გადარჩენის შანსი. სასტუმროებმა შეძლეს, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა მაინც, რაც ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენც მოვახერხეთ“.

თანამშრომლების 80% შეინარჩუნეს. ვინც სასტუმროში სეზონურად ან დროებით მუშაობდა, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დახმარებას იღებს. ფიქრობენ, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ჩვეულ რეჟიმში მუშაობას შეძლებენ.

აქტიურ სეზონზე სასტუმროს სტუმრების 60-70% უცხოელები იყვნენ. ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენამდე ახლა ქართულ ბაზარზე გადაეწყობიან.

2020 წელს საქართველომ 1 749 308 ტურისტს უმასპინძლა, რაც 2019 წელთან შედარებით 81,3%-ით ნაკლებია. 2019 წელს შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.






საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა 2020 წლის 7 მაისს წარადგინა. გეგმის მიხედვით, ტურიზმის სფეროში დაქირავებულებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200 ლრიანი, თვითდასაქმებულებისთვის კი ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება გაიწერა. გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაწესდა დამსაქმებლებისთვისაც.

ორკვირიანი ლოდინის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ვერ მივიღეთ კითხვებზე პასუხი: როგორ იმუშავა შიდა ტურიზმმა, რამდენით შემცირდა შემოსავალი 2020 წელს, რას სთავაზობს სახელმწიფო ახალი წლიდან სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს.

ტურიზმის სფეროში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა გაუჭირდა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასაც.

მიმართა თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალურ მთავრობას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის დასახმარებლად და მოქმედებს თუ არა რაიმე სახის შეღავათები ადგილობრივ დონეზე, - ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ თავი შეიკავა.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე ამბობს, რომ ტურიზმის ინდუსტრიის კრიტიკული მდგომარეობაა პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან. მისი აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური მართვა და შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების და გეგმების შესახებ კერძო სექტორის დროული ინფორმირება.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე კრიტიკული არის ის, რომ არც ვიცით ახლო პერსპექტივაში რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. კერძო სექტორს წინასწარ სჭირდება მომზადება, მითუმეტეს როდესაც არის საუბარი სასტუმროებზე, ტურისტულ კომპანიებზე, კვების ობიექტებზე. ერთი კვირით ადრე ინფორმაციის შეტყობინება, რომ იხსნება კერძო სექტორი, პანდემიასთან აღდგენითი პროცესების ფონზე, ეს არ იქნება საკმარისი. დღემდე ჩვენთვის ბევრი წესი და რეგულაცია არის უცნობი. ვთვლით, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მოწოდებას“.

ნინო კეკელიძე ამბობს, რომ სასტუმროს რომელიც ძირითადად ადამიანურ რესურსსა და კვალიფიციურ თანამშრომლებზე დგას, სჭირდება ელემენტარულად მისასვლელი გზა, ტრანსპორტი. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვასთან ერთად, უნდა ამოქმედდეს სამოქალაქო ტრანსპორტი, შემდეგ შემსუბუქდეს სხვადასხვა ეკონომიკური რეგულაციები.


რა გვასწავლა პანდემიამ და როგორია პერსპექტივა



ფორსმაჟორის ფონზე, აღმოჩნდა, რომ კერძო კომპანიების 100%-დან 80%-ს არ ჰქონდა შემუშავებული რისკ-მენეჯმენტის სტრატეგია. ექსპერტების ვარაუდით, ეს იქნება ნიშანი, რომ სამომავლოდ ყველა ბიზნესკომპანია იყოს კარგად მომზადებული ფორსმაჟორული ვითარებისთვის, ფინანსური თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდ 19-თან თანაცხოვრება, ყველა წესის და რეგულაციის დაცვით. ეკონომიკა კი სწრაფად უნდა ამოქმედდეს.

ნინო კეკელიძე ამბობს, რომ 2020 წელს, შიდა ტურიზმს არ უმუშავია. მოლოდინი, რომ შიდა ტურიზმი გადაარჩენდა სექტორს და ეკონომიკურ მაჩვენებელს, არ აღმოჩნდა რეალური. დაბალი ტარიფები და მოგების ნაცვლად, თვითგადარჩენაზე ორიენტირებული სასტუმროები, ქვეყანას ან ეკონომიკას სარგებელს ვერ მოუტანს.

„ის თემა, რომ საქართველომ აქცენტი გააკეთოს მხოლოდ შიდა ტურიზმზე, ვფიქრობ არ იქნება სწორი, რადგან შემომყვანი ტურიზმი თამაშობს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლს“.

ეს რომ ასეა, ბორჯომში ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. შიდა ტურიზმმა სფეროს გადარჩენა ვერ შეძლო. 2020 წელს ბორჯომსა და ბაკურიანს 75 000 ტურისტი სტუმრობდა. 95% ადგილობრივი მოქალაქეები იყვნენ. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს თითქმის სამჯერ ნაკლებია. ახლა დიდსა თუ პატარა სასტუმროს თვითგადარჩენის პერიოდი უდგას.

ვითარების მიუხედავად, ექსპერტების აზრით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების კუთხით. პოსტპანდემიურ პერიოდში, სახელმწიფომ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ხელი შეუწყოს ტურისტული სფეროს განვითარებას.

2019 წელს საერთაშორისო მოგზაურების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანა იყო. სწორედ ეს მონაცემია დღესაც დამაიმედებელი.



Print