Error
მესხეთის თეატრალურ დასს სუბსიდია შეუმცირდა
შემცირებული დაფინანსების გამო, თეატრის ხელმძღვანელობამ 6 შტატი გააუქმა. გარდა ამისა, შედარებით მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით შეუმცირა. სამხატვრო ხელმძღვანელი სეზონის გახსნის შემდეგ დანაკლისის ანაზღაურებას საკუთარი შემოსავლებით ეცდება.

ანაზღაურების 10 პროცენტი დააკლდა წამყვან მსახიობებსაც. თეატრალური დასის წევრები ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ დაფინანსების შემცირება მსახიობებს არასწორად მიაჩნიათ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ პირობებში შესაძლოა თეატრალური დასი დაიშალოს.

კულტურის სამინისტრომ დაწესებულებას წელს 25 000 ლარით ნაკლები ჩაურიცხა. დაფინანსება შეამცირა ახალციხის მერიამაც. 80 000 ლარის ნაცვლად წელს თეატრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი ერგო.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული 60 000 ლარი ექვსი პრემიერის სადადგმო ხარჯებს მოხმარდება. მასში მონაწილე მსახიობები ანაზღაურებას მხოლოდ კულტურის სამინისტროდან გადმორიცხული თანხიდან იღებენ, რომლის საერთო რაოდენობამ წელს 225 000 ლარი შეადგინა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არსებული მდგომარეობის გამო, მიმდინარე სეზონზე ბილეთის ფასის გაძვირებას აანონსებს. მაყურებელი თეატრალურ წარმოდგენებზე დასასწრებად 50 თეთრით მეტს გადაიხდის. ამუშავდება სააბონენტო სისტემა, მაყურებელს 5 სპექტაკლის ნახვა 15 ლარად შეეძლება. სტუდენტებზე იმოქმედებს შეღავათები. ლია სულუაშვილი იმედოვნებს, რომ თეატრის ფუნქციონირებაში ხელს საზოგადოებაც შეუწყობს და კულტურის განვითარებაში თავიანთ წვლილს რიგითი მოქალაქეებიც შეიტანენ.

Print