ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა აჭარაში
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შეასხებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აჭარაში თვითიოზოლაციის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა.
„ დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თვითიზოლაციის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არცერთ შემთხვევაში არ დაარღვიონ წესები და ამით საფრთხე არ შეუქმნან როგორც მათ, ასევე განსაკუთრებით სხვების ჯანმრთელობას“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ამასთან, რიჟვაძემ თავი შეიკავა პასუხისგან, არის თუ არა დაინფიცირებული პირი აჭარის მცხოვრები. თუმცა, აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსის გავრცელების საშიშროება რეგიონში არ არის.
„ამ ადამიანთან დაკავშირბეით გატარებულია ყველა პროტოკოლური ღონისძიება. ეს ადამიანი პირდაპირ გადაიყვანეს კარანტინში, შესაბამისად, გავრცელების რისკები მინიმალურია“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის 3 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ სტატისტიკაში შედის.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

Print