ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს - ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.

„თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს 24 პაციენტი. გუშინ დღისით გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24-ის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19 პაციენტზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი მოვათავსეთ კარანტიში, ანუ, ამ 19-ს პლიუს ძველი მიღებული 2. დარჩენილი პაციენტებიდან რამდენიმე პასუხი არის, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში გადაყვანას მაინც არ ექვემდებარებიან. მათ აქვთ სიმპტომები, უბრალოდ არ აქვთ ეს დაავადება, შეიძლება ჰქონდეთ სხვა დაავადება. ასეთი პაციენტები, სულ 5 პაციენტი სხვა განყოფილებაში გვყავს მოთავსებული. ამჟამად, ანალიზის პასუხებს ველოდებით 5-ს, გუშინდელ წაღებულს და დღეს კიდევ 9 პაციენტის წაიღეს“ - ამბობს ექიმი.

რაც შეეხება საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ სამ პირს, ინფექციონისტის განმარტებით, მათი გადმოყვანა ტემპერატურული ცვლილების გამო მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე არის საქართველოს მოქალაქე. პირველი დაუდგინდა 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაცია, ის ირანში იმყოფებოდა.
Print