ახალი ამბები
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.  სომხეთის პრემიერის თქმით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება. ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზომა გატარდება.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.
Print