ახალი ამბები
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კორონავირუსზე დაკვირვებისთვის მოქალაქეები შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს დილით, 15 პირი შეიყვანეს. პირველადი დაკვირვების შედეგად ვირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა ისინი რისკის ქვეშ იმყოფებიან. პაციენტები საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ. თითოეული მათგანი თითო პალატაშია მოთავსებული. ამ დროისათვის, ფილტვის ცენტრში საინკუპაციო პერიოდს ერთი ირანის, ერთი აზერბაიჯანისა და 13 საქართველოს მოქალაქე გადის. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.

კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადააგზავნიან. ვისაც ორი კვირის განმავლობაში სიმპტომი არ აღმოაჩნდება, სახლში გაწერენ.

კლინიკაში შეიტანეს სპეცეკიპირება, რომლის მოხმარების წესების შესახებ მედპერსონალს ტრენინგი უტარდება. ფილტვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ცენტრში, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე პირს მიიღებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა. აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინო სივრცედ გუშინვე მომზადდა.

Print