Error
ჯანდაცვა
მდგომარეობა შემაშფოთებელია - ირანში კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ირანში არსებულ სიტუაციას შემაშფოთებელს უწოდებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობებით კი 5 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა მცირდება.

გარდა ამისა, ირანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული. ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ქალაქ ყუმში სკოლები და უნივერსიტეტები დახურა. ამ გზით ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ.

ამასთან, თეირანში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას 750 ადამიანზე აქვს ეჭვი, რაც ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის. ირანში არსებული კორონავირუსის საფრთხის გამო, ერაყმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა.

საქართველოში კი, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამი მოქალაქიდან ორს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე ინფორმაციით, სამი მოქალაქიდან ორს - 8 და 13 წლის მოზარდებს - ტემპერატურა აქვთ, ხოლო მათ დედას რაიმე სიმპტომები არ აღენიშნება. ეზუგბაიას განცხადებით, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა.
Print