ახალი ამბები
უჰანიდან თურქულმა თვითმფრინავმა საქართველოს მოქალაქეები გამოიყვანა
ანკარისკენ მიემართება უჰანიდან გამოფრენილი თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება.

მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა საფუძვიანად შეამოწმა. თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავს ჩინეთიდან 48 ადამიანის ევაკუაცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა 6 პირმა უხანის დატოვებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით უჰანი საქართველოს 7 მოქალაქეს უნდა დაეტოვებინა, იმყოფება თუ არა შვიდივე მათგანი თვითმფრინავის ბორტზე ამ დროისთვის უცნობია.
Print