ახალი ამბები
მზად უნდა ვიყოთ გლობალური ეპიდემიისათვის - ჰონგ-კონგელი ექსპერტი
ადამიანთა რაოდენობა, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, შესაძლოა, პოტენციურად ყოველ ექვს დღეში გაორმაგდეს, - ამის შესახებ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიცინის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა გაბრიელ ლიუნგმა განაცხადა.


მისი თქმით, მან აღნიშნულის შესახებ ანგარიში პეკინისა და ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე მიაწოდა.

მისივე თქმით, შესაძლოა, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ვირუსის ინკუპაციის პერიოდს გადის (სიმპტომები გამოხატული არ არის) 44 000-ს უტოლდებოდეს.

„ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მონაცემები, რომელიც ჩვენს ხელთაა, განგაშის საფუძველს გვაძლევს“, - განაცხადა ლიუნგმა.

„ხალხი მზად უნდა იყოს, რომ ეს შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად გადაიქცეს, თუმცა ამის თქმა დაზუსტებით არ შეიძლება... ჩვენ უკეთესად უნდა მოვემზადოთ“, - დასძინა მეცნიერმა.

ცნობისთვის, კორონოვირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 2800-სს მიაღწია. გარდაცვლილია 81 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 14 ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორისაა: ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია და ა.შ.


წყარო - ინტერპრესნიუსი


Print