ახალი ამბები
ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას 3 კლინიკა დაემატა
ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას 3 ახალი კლინიკა დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება უკვე „აჯიბადემის ჰოსპიტალში“, „ლივ ჰოსპიტალსა“ და „ჰოსპიტალი მემორიალშიც“ შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე, ბენეფიციარები, სამედიცინო სერვისებს, ესპანეთის, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ. შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც.

ცნობისთვის, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პროგრამა სახელმწიფომ გასულ წელს დაიწყო.

"ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი - ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს"
, - წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print