ჯანდაცვა
საქართველოში სამედიცინო პერსონალი ზამთრის დატვირთული სეზონისთვის ემზადება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) ბოლო მონაცემებით, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის 2-ვე დოზით ჯანდაცვის პროფესიონალების 60-დან 80%-მდე არის მოცული, ხოლო ბუსტერ დოზით - მხოლოდ 18%. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაფარვამ კი 55%-ს მიაღწია 2020/2021 წლების სეზონის მონაცემებით.

COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებლობა სამედიცინო პერსონალში
1500-ზე მეტმა ჯანდაცვის მუშაკმა მიიღო მონაწილეობა კვლევაში, რომლის მიზანიც იყო შეეფასებინა COVID-19 ვაქცინის მიმღებლობასთან დაკავშირებული ფაქტორები, თბილისისა და ბათუმის 6 დიდ საავადმყოფოში.

აღმოჩნდა, რომ 2021 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში კვლევის მონაწილეთა 17% აცრილი იყო COVID-19 ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით. ასაკოვანი (განსაკუთრებით 50-59 წლის ასაკის) და წარსულში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრილი ჯანდაცვის პროფესიონალების COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებლობა უფრო მაღალი იყო. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ექიმებთან შედარებით, ჯანდაცვის მუშაკთა სხვა კატეგორიებს - მათ შორის ექთნებს, ბებიაქალებს, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს - COVID-19 ვაქცინის შედარებით დაბალი მიმღებლობა ჰქონდათ.

„ამ კვლევას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს უფრო ძლიერი ვაქცინაციის კამპანიების წარმართვის კუთხით. ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლის მიზეზების გარკვევა მნიშვნელოვანია, თუ გვსურს გავზარდოთ ვაქცინით მოცვა ამ მნიშვნელოვან რისკ-ჯგუფში“, - აღნიშნავს სილვიუ დომენტე, WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში. „COVID-19 ვაქცინის საკომუნიკაციო კამპანიების მორგება ახალგაზრდა და უმცროს ჯანდაცვის მუშაკებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის უპირატესობების ხაზგასმით, ხელს შეუწყობს მათ შორის ვაქცინაციის მიმღებლობის ზრდას“, დასძენს იგი.

იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო პერსონალის მხოლოდ ნახევარზე მეტი იყო გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრილი და რომ COVID-19 ვაქცინაციის მაჩვენებელი ამ ჯგუფში შედარებით დაბალია, მეტი მუშაობაა საჭირო იმ ფაქტორების გამოსაკვლევად, რომლებიც გავლენას ახდენს ჯანდაცვის მუშაკების გადაწყვეტილებაზე ჩაიტარონ ვაქცინაცია და მოხდეს ვაქცინაციის ეფექტურობისა და უსაფრთხოების უკეთ კომუნიკაცია.

Print