ჯანდაცვა
რა იცვლება კლინიკებში პაციენტებისთვის პირველი ნოემბრიდან
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.


DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).


ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება და დაფინანსება გაგრძელდება არსებული მეთოდით შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

• გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
• ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
• გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
• მშობიარობა / საკეისრო კვეთა
• ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
• კომბუსტიოლოგია
• თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
• სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება




Print