საზოგადოება
გამყრელიძე: დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა
ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები"


მან აღნიშნა რომ ენდობა ექიმების კონსილიუმს:

„მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია და რომლის შემადგენლობაშიც ხუთი გამორჩეული ექიმია. ვიცნობ თითოეულ მათგანს და პატივს ვცემ. ისინი არიან და ზოგადად, ექიმები აპოლიტიკური ხალხია, პაციენტი ჩვენთვის პაციენტია. ამ კონსილიუმშიც და მეორე, ალტერნატიულ კონსილიუმშიც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ჩემი წინადადება, სურვილი და მოწოდებაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება. მოგეხსენებათ, რომ შიმშილობის შემდეგაც გამოსვლის და რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია. დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება და რა ტიპის რეაბილიტაცია სად უნდა ჩატარდეს. თუ შეიძლება პოლიტიკოსებმა, მედიამ პოლიტიკური საკითხები გვერდით გავწიოთ და ჯანდაცვის საკითხებზე დავკონცენტრირდეთ. ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს და ამ შემთხვევაში, შექმნილ კონსილიუმს როგორც ერთ, ასევე მეორეს, შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ! თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ. მე არ ვარ დიდი ხანია ციხის საავადმყოფოში ნამყოფი და თუ იტყვიან, რომ არა ბატონო, შეიძლება აქ ყველაფრის გაკეთება, ვენდოთ ექიმებს და პოლიტიკა ამ საკითხს ჩამოვაშოროთ, იმიტომ, რომ დღეს ის პაციენტია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

Print