ჯანდაცვა
55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 2 აპრილს, 18:00 საათიდან შეძლებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ.
როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 აპრილიდან აიცრებიან.

„სულ 8909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6893 „ასტრაზენეკას“, 2016 პირი კი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო ოქსფორდ-ასტრაზენეკას (Oxford, AstraZeneca) ვაქცინით, 30 მარტიდან კი „ფაიზერი“ (Pfizer) დაემატა.
აცრაზე ჩასაწერად, საჭიროა სპეციალურ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge გავიაროთ რეგისტრაცია, დაბარებულ დროს  ჯანმრთელი გამოვცხადდეთ აცრის დაწესებულებაში.

Print