ჯანდაცვა
ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვი, რაც 668-ს შეადგენს, ძალიან დაბალია - ივანე ჩხაიძე
ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვი 668-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია, მომდევნო დღეების განმავლობაში, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ უსაფრთხო ვაქცინაა", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციაზე განაცხადა,

როგორც ჩხაიძე განმარტავს, თუ შემდეგ დღეებში ვაქცინაციის არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდა, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ.

"ვფიქრობ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუ შემდეგ დღეებში ეს ტემპი შენარჩუნდა, ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს. 668 ძალიან დაბალია, მაგრამ ცოტა ოპტიმიზმს მაძლევს განსხვავება გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის. ვფიქრობ, რესურსი კიდევ გვაქვს. მომდევნო დღეების განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს რომ უსაფრთხო ვაქცინაა.
დღეს, ჩვენს კლინიკაში 100%-იანი შევსება გვაქვს, 150 ადამიანიდან 149 ჩაიტარებს ვაქცინაციას. ეს არის ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან ასეა. არ ვიცი სხვა ცენტრებში რა ხდება. დასახელებული ციფრი სრული კატასტროფაა. პირველი დღისთვის მისაღებია, თუ ამ კვირაში ეს ტენდენცია არ შეიცვალა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ პროცესს გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება",-აცხადებს ჩხაიძე.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა, რომელიც ექიმებს ეტყვის გაიკეთოს თუ არა ვაქცინა.

"თუ რომელიმე ექიმი ელოდება ჯანდაცვის სამინისტროს მითითებას, ჩაიტაროს თუ არა ვაქცინაცია, დიდი ბოდიში, ეს ჩემთვის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა, რომელიც ექიმებს ეტყვის ან არ ეტყვის გაიკეთოს ვაქცინა", - აცხადებს ჩხაიძე.
როგორც ის ამბობს სამიზნე ჯგუფები თუ არ აიცრა პანდემიას ვერ დავამარცხებთ.
კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

Print