ჯანდაცვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ვაქცინამ, რომელიც აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის მიერ შეიქმნა, წინასწარი კვლევების ანალიზით აჩვენა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს,

კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.- ინფორმაციას ამის შესახებ  BBC-ი ავრცელებს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.

ვაქცინაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა. საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა.
Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
ამასთან, არსებობს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები, რადგან ვაქცინის შენახვა ულტრა ცივ საცავში, - 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.
კომპანიები გეგმავენ, რომ თავიანთი ვაქცინის გამოყენებისთვის საჭირო საგანგებო ნებართვის მოპოვების თხოვნით შესაბამის ორგანოებს უახლოეს მომავალში მიმართონ.

 

Print